საქართველომ კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში 13 მარტს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური AstraZeneca / Oxford-ის 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი აიცრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მზად არის 82 ამცრელი ცენტრი.
„პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან, აცრა დაიწყება 29 ცენტრში, ეს არის თბილისის და ყველა რეგიონულ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები“, – თქვა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის მასშტაბით და იქნება მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძე, პირველია, რომელიც საქართველოში ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირდა. „ვიცი, რომ ეს აცრა არის უვნებელი და აუცილებელი ჩვენთვის და მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, რომ აიცრან და მისცენ მაგალითი სხვასაც, რომ ავიცრათ და ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ ინფექციისგან“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
„გაეროს ბავშვთა ფონდმა“ (UNICEF), რომელიც საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინის დოზების შეძენაში დაეხმარა, დღეს განაცხადა, რომ ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.
საქართველო COVAX-ის პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600, ხოლო „ფაიზერის“ (Pfizer) 29 250 დოზის მიღებას ელოდება. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ საქართველოს ამ უკანასკნელის შეძენაშიც დაეხმარება და ვაქცინა ქვეყანაში დაახლოებით მარტის თვის ბოლოსთვის ჩამოვა.
საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს წარადინა რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა იაცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ბიუჯეტიდან COVAX-ის პლატფორმაში ქვეყანას მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინაციის თანხა უკვე გადარიცხული იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)