ევროკავშირის მედიატორი თბილისში ვიზიტს ახანგრძლივებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონმა 14 მარტის გვიან საღამოს განაცხადა, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება და შეხვედრებს 15 მარტსაც გამართავს. მისი თქმით, „ნათელია, რომ კიდევ გვჭირდება გარკვეული დრო” მოსალაპარაკებლად.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად“. მისი თქმით, მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ სწორედ ქართულმა პარტიებმა უნდა მოახერხონ ამ პროცესში წინსვლა. „მე [მხოლოდ] ვცდილობ მათ ამაში დავეხმარო“, – თქვა ევროკავშირის მედიატორმა.

დანიელსონმა აღნიშნული განცხადებები თბილისში სტუმრობის მესამე დღის მიწურულს, ქართულ ოცნებასთან დღეს უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის მედიატორის ბრიფინგს წინ უძღოდა იმავე შეხვედრის შემდგომ მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით“ და რომ მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

მმართველი გუნდიდან მეორე მომლაპარაკებლის, პარლამენტის თამჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს“.

მმართველ პარტიასთან ორ შეხვედრას შორის პერიოდში, დანიელსონმა დღეს ორი შეხვედრა გამართა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც. პირველად იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბლოკის წარმომადგენლებს შეხვდა, მოგვიანებით კი მცირე ოპოზიციური პარტიების – ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელს, ლელოს, გირჩსა და გირჩი – მეტი თავისუფლების – ლიდერებსაც ესაუბრა.

სალომე სამადაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომლაპარაკებელმა, დღეს მედიას განუცხადა, რომ „არსებობს საკითხები, სადაც პოზიციები თანხვედრას განიცდის მარტივად, არსებობს პოზიციები, სადაც რჩება დაშორიშორებული მხარეების ხედვები“.  მისი თქმით, „არსებობს სივრცე, რომ შეთანხმება შედგეს, თუ ქართულ ოცნებას პოლიტიკური ნება ამისი აღმოაჩნდება.“

წინაისტორია

დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

ქრისტიან დანიელსონს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიანიჭა, რომელიც, თავის მხრივ, 1 მარტს მხარეებს შორის განახლებულ მოლაპარაკებას უწევდა მედიაციას.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის ინიციატივა, თებერვალში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას მოჰყვა. მელია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს. ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.

თუმცა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კონტურები ჯერ კიდევ შემოდგომაზე გამოიკვეთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54 კვლავაც ბოიკოტს უცხადებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)