საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
15 მარტს საქართველოში კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. იგი ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.
„მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება“, – თქვა პაატა იმნაძემ და დაამატა – „ამიტომაც, ძალიან მინდა, რომ ყველა ჩემი კოლეგა იყოს საქმის ავანგარდში, იგივე იმ კოლეგების ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას“.
ვაქცინის პირველი დოზა მიიღო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, 73 წლის თამარ გიორგაძემ, რომელიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით პირველი დარეგისტრირდა. იმნაძის მსგავსად, ისიც საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელიც დღეს პროცესს ზედამხედველობდა, კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „[იმუნიზაციამ] უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია“, – დაამატა მან.
მედიის ცნობით, ქუთაისში ერთ-ერთი პირველი კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე აიცრა. ბათუმში ვაქცინის პირველი დოზა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემაც.
15 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, 70 000-მდე სამედიცინო პერსონალიდან ვაქცინის მისაღებად ჯერ მხოლოდ 2 492 დარეგისტრირდა.
ჯამში ვაქცინაციისთვის 87 ამცრელი ცენტრია მზად, საიდანაც იმუნიზაციის პროცესი დღეს მხოლოდ 29-ში დაიწყო. კვირის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესში ყველა ცენტრი ჩაერთვება.
საქართველომ ბრიტანულ-შვედური ვაქცინის, ასტრაზენეკას 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.
დღეს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 148-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 268 565-ის ტოლია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 3 650-ს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)