ევროკავშირის მედიაცია: შეთანხმება ვერ შედგა, დანიელსონი ბრიუსელში გაემგზავრა
„პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა სხვა საკითხებზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა 19 მარტს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 10 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ დღეს დილით, იგი ბრიუსელში გაემგზავრება და მიღწეული პროგრესის შესახებ პრეზიდენტ მიშელს აცნობებს.
„საბოლოო ჯამში, არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა.
„დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაზე – „პოლიტპატიმრების“ გამოშვებასა და ახალი არჩევნების ჩატარებაზე ქართული ოცნების დათანხმება ვერ მოხერხდა.
„კიდევ ერთხელ დასავლეთმა ნახა, ვისთან აქვთ საქმე“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან ამ პროცესში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშრებით“, – დაამატა მან.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდის უშედეგოდ დასრულებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემაც და თქვა, რომ მმართველი პარტია პასუხისმგებლობის საკუთარი წილის აღებისთვის მზად არ არის.
თავის მხრივ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ „[მათთვის] იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა“. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო ისეთი „ულტიმატუმები“, რომლებიც კანონის უზენაესობის „ფეხქვეშ გათელვას“ ითვალისწინებდა.
„როდესაც ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმებს გიყენებენ, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს სჭირდებათ პასუხის გაცემა ასეთ ულტიმატუმებზე და ასე მოვიქეცით“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დიალოგზე წარმოდგენილი ოპოზიციური ლიდერების „უმრავლესობა“ კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ „რამდენიმე პარტიისთვის“ მნიშვნელოვან თემებს მიანიჭა პრიორიტეტი და არა „საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს“.
წინაისტორია
ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, მოგვიანებით, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწვიტა და თქვა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებოდათ.
პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის მედიაცია: მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგა
- ევროკავშირის მედიატორი თბილისში ვიზიტს ახანგრძლივებს
- ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას
- ქრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს
- ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი არასამთავრობოებს შეხვდა
- ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)