ოპოზიცია მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის და 15 მაისს მასშტაბურ აქციას გეგმავს
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 20 მარტს განაცხადეს, რომ ისინი მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე“ გადადიან და 15 მაისს თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს მოივლის და დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ „ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან, ჩვენს უკან არის სიმართლე“. მისივე თქმით, ამ პერიოდში თბილისსა და რეგიონებში „გაიმართბა არაერთი აქცია“, დასკვნითი შეხვედრა კი – 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შედგება.
„ქართულმა ოცნებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „ივანიშვილის ქართულმა უცნებამ უკვე დღეს, ღიად უარი უთხრა დასავლეთს“.
„ეს ადამიანი [ივანიშვილი] წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით… და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით“, – განაცხადა მან და დაამატა – „იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის, სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე. იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა“.
ოპოზიციის გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან ევროკავშირის მედიაციით განახლებული ერთკვირიანი მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას მოჰყვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა, რომელიც მოლაპარაკებას მედიაციას უწევდა, თბილისი გუშინ, გამთენიისას ისე დატოვა, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შეძლო.
პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)