აშშ-ის სენატმა „საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაზე“ იმსჯელა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება „ან დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიის გზაზე, ან წლების განმავლობაში განხორციელებული ძალისხმევა განადგურდება“, განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა, ჯინ შაჰინმა 23 მარტს სენატში გამართულ მოსმენაზე. მოსმენაზე მოხსენებით ასევე გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.
„საკმარისი არ არის არჩევნების ისე ჩატარება, რომ ის ლეგიტიმურობის ზღვარს აკმაყოფილებდეს. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს დავების მოგვარების ძლიერი მექანიზმები, რომლებსაც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე სამართლიანად მიიჩნევს“, – განაცხადა სენატორმა და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების „მიზანშეწონილად“ გატარებისკენ მოუწოდა.
ჯინ შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციამ უნდა აჩვენონ. „მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებების გზით იმუშაოს“, – დასძინა მან.
„არსებული ჩიხის გათვალისწინებით, ერთადერთი მხარე, რომელიც მოგებულია, არის რუსეთი. ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრებს აპატიმრებენ, არის რუსეთის გამარჯვება; ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის საზიანო ქართველი ხალხისთვის და გამარჯვების მომტანი რუსეთისთვის“, – განაცხადა მან.
გამოსვლის დასასრულს, სენატორმა შაჰინმა მხარეებს მოუწოდა, რომ „გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და, სანაცვლოდ, ქართული დემოკრატიის გაძლიერებასა და სიმტკიცეზე იზრუნონ“. შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი 31 მაისამდე მოგვარდება.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯორჯ კენტის გამოსვლა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ „როგორც ქართულმა ოცნებამ, ისე ოპოზიციამ ვერ მოახერხა დეესკალაციის შესაძლებლობის გამოყენება“. „სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა მიუხედავაც იმისა, რომ ქართველების უმეტესობას, რომელთაც ხმა ოპოზიციას მისცეს, სურთ, რომ მათმა არჩეულმა დეპუტატებმა პარლამენტში საკუთარი ადგილები დაიკავონ“, – განაცხადა მან.
„ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. როგორც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გულწრფელად უნდა ილაპარაკოს, როდესაც საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, სავარაუდოდ, გადადიან იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“, – განაცხადა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ „კრიზისი გაამწვავა“ და რომ „მელიას დაკავება უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის“. გაიხსენა რა, ნიკა მელიას მიერ გირაოს პირობების დარღვევა და ელექტრონული სამაჯურის მოხსნა, მანვე საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან დემოკრატიული ნორმების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არავინაა უნაკლო“, – დასძინა მან.
ჯორჯ კენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს და რუსეთის დამღუპველი გავლენის მიმართ კიდევ უფრო დაუცველს ხდის.
მან ასევე აღნიშნა, რომ „დასავლეთთან ინტეგრაცია რთული გზაა, რომელიც საერთო ღირებულებების, დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუტების მიმართ მკაფიო ერთგულებას მოითხოვს“. მისივე თქმით, „შეთანხმების მიღწევაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარუმატებლობა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის“.
თავის გამოსვლაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს დასავლური ორიენტაციის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში შარშან განხორციელებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შემდეგ“. მისივე თქმით, მოსკოვმა ახლა „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოიკიდა ფეხი“. ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში „მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ რჩება და რომ აშშ კვლავაც განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნის მხარდაჭერას.
დაგმო რა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მან განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, ეკონომიკურ ბერკეტებს, კიბერთავდასხმებს და დეზინფორმაციას იმისთვის იყენებს, რომ უნდობლობა დათესოს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე უარი ათქმევინოს“.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის კარა მაკდონალდის გამოსვლა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ მიუხედავად შარშანდელი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებისა, „ნეგატიური მოვლენებისა და ტენდენციების სერია ძალიან გვაშფოთებს“. მისი თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სამუშაოზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის დაცვის კუთხით რჩება.
„სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში, პოლიტიზებული სასამართლო სისტემა და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ძირს უთხრის დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის რწმენას“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ოდირის რამდენიმე რეკომენდაციის საფუძველზე რეფორმები იქნა მიღებული, „პარლამენტმა არ მიიღო ოდირის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო სარჩელების განხილვის პროცესის სამართლიანობას ეხება“.
მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიზება და პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე უწყობს ხელს დემოკრატიულ მოწყვლადობას. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში ქართული ოცნების დომინანტური წარმომადგენლობის შედეგად, გავლენიანი მოსამართლეები არასათანადო გავლენას ახდენენ დანარჩენ მოსამართლეებზე.
სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მიმართ ქართული ოცნების დამოკიდებულების შესახებ საუბრისას, მაკდონალდმა აღნიშნა, რომ საქართველოში შეინიშნება მმართველი პარტიის მნიშვნელოვნად გაუარესებული ქცევა სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემი ლიდერების მიმართ და ასევე მკვეთრად პოლარიზებული მედიაგარემო.
კითხვაზე გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა პირობითობა აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეთავაზებისას, მაკდონალდმა უპასუხა: „ჩვენ მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, თუ რომელი მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენება იქნება სასარგებლო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)