ვენეციის კომისია და ოდირი პარლამენტს პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებენ
ვენეციის კომისიამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ იმ სადავო კანონპროექტს გადახედოს, რომელიც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 2020 წლის დეკემბერში მიიღო, პარტიებს, რომლებიც სადეპუტატო მანდატებს სრულად არ აითვისებენ ან მათი წარდგენით არჩეული დეპუტატები სხდომებს „არასაპატიო მიზეზით“ გააცდენენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. იგივე პარტიები უფასო საეთერო დროითაც ვეღარ ისარგებლებენ. ამავე კანონპროექტით, პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, თუკი წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულ მის ერთ ლიდერს მაინც არ აქვს საქართველოში ხმის მიცემის უფლება. ცვლილება დიდი ალბათობით, პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიემართება, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და იგი წინასაარჩევნო კამპანიებში უკრაინიდან აქტიურად იყო ჩართული.
20 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ და ოდირმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა უარს იტყვის მანდატების აღებაზე, „პოლიტიკური პარტიისთვის მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გადაჭარბებული და არათანაზომიერი ქმედებაა“.
ერთობლივ მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ პარტიებისთვის სანქციების დაკისრება, თუკი მათი წევრები საპარლამენტო სხდომების უმეტესობას არ ესწრებიან ასევე „არაპროპორციული ქმედებაა და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან“.
კიდევ ერთ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, იმ პარლამენტარებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ, ვენეციის კომისიამ და ოდირმა განაცხადეს, რომ ეს „სავარაუდოდ არ შეესაბამება“ საქართველოს კონსტიტუციას.
სანაცვლოდ, მათ საქართველოს პარლამენტს შესთავაზეს, რომ უფრო შესაფერისი ზომები მიიღოს კონკრეტული დეპუტატების ქმედებების საპასუხოდ.
ერთობლივი მოსაზრების თანახმად, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე ან უფასო საეთერო დროზე უარის თქმა „თანასწორი შესაძლებლობების მიღებაზე მათ უფლებებს შელახავს“. იმავდროულად, არ არსებობს რაიმე კავშირი უფასო საეთერო დროსა და სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შორის, რაც ამგვარ ნაბიჯს გაამართლებდა, განაცხადეს ორგანიზაციებმა.
20 მარტს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ და ოდირმა განაცხადეს, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა მისი პოლიტიკური ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო „არათანაზომიერი ქმედებაა“.
მოსაზრებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შესაძლოა, შეეზღუდოს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, თუმცა არა მისი წევრობა.
ვენეციის კომისიამ და ოდირმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი მკაფიოდ და ობიექტურად არ განსაზღვრავს „პოლიტიკური ლიდერის ცნების“ კრიტერიუმებს, რაც, შესაძლოა, კონკრეტულ პირებზე გამიზნულ კანონმდებლობად იქნას აღქმული.
სადავო საკანონმდებლო პაკეტს არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, შედეგად კი – დაახლოებით სამი თვით შეჩერდა არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციამ დაგმო საკანონმდებლო ცვლილებები და მას „რეპრესიების“ საფრთხე უწოდა.
პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები მეორე და მესამე მოსმენების ჩატარებამდე ვენეციის კომისიისა და ოდირის მოსაზრებას დაელოდებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- „ოცნება“ მე-5 რაუნდამდე „რადიკალურ“ ოპოზიციას აკრიტიკებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
- „ოცნებამ“ პარლამენტის ბოიკოტისთვის პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციისთვის დაფინანსების შეზღუდვის კანონპროექტს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)