საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მარტს, გვიან ღამით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის გაზიარების გაეროს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის, COVAX-ის მეშვეობით მიიღო. გავრცელებული ცნობებით, მარტის დასაწყისში ვაქცინის იმპორტი იმის გამო შეფერხდა, რომ საქართველომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი, აქედან 4 ამცრელი ცენტრი თბილისში, თითო-თითო კი – ბათუმსა და ქუთაისში იმუშავებს. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი – უკვე დღეს საღამოდან იქნება შესაძლებელი.
მოქალაქეებს ახლა უკვე ორი ვაქცინიდან მათთვის სასურველით აცრის შესაძლებლობა ექნებათ. ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 86 400 დოზა აპრილში უნდა ჩამოვიდეს.
პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა მედპერსონალის ნაკლები აქტივობის გამო, მთავრობამ წრე გააფართოვა და ახლა ვაქცინის საკუთარი დოზის მიღების შესაძლებლობა 65 წელზე ზევით მოქალაქეებსაც აქვთ. 24 მარტის მდგომარეობით, 70 000-მდე სამედიცინო მუშაკიდან ჯერ მხოლოდ 4 048 აიცრა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა იაცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა.
25 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 გამოჯანმრთელდა, 10 გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 279 027 შემთხვევაა დადასტურებული, 271 278 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 732 კი – გარდაიცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)