გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 24 მარტს რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია „გაუარესდა“.

რეზოლუცია ჟენევაში 22 თებერვალი-23 მარტს გამართული 46-ე სესიის შემდეგ, 19 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს.19 ქვეყანამ თავი შეიკავა.

საბჭომ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო ძალის მიერ გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო.

ამას გარდა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივმა ჩაკეტვამ და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, კერძოდ ორივე რეგიონში ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებული ხელისუფლების მიერ სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ“ ხელი შეუწყო სიკვდილიანობის ზრდას და კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია პანდემიის პირობებში.

საბჭომ ასევე გამოხატა შეშფოთება ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების დარღვევის, გატაცებების, ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვებისა და დევნილთა კუთვნილი სახლების ნანგრევების აღების „მიმდინარე პრაქტიკის“ გამო.

საბჭომ აღნიშნა, რომ დევნილებს კვლავაც ჩამორთმეული აქვთ აფხაზეთსა და ცხინვალში საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ 2014 წლიდან 2019 წლამდე ეთნიკური ქართველების უკანონო მკვლელობებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდას უწყობს ხელს.

იმავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

რეზოლუცია მოითხოვს, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს და რეგიონულ უფლებადამცველ მექანიზმებს ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ შესვლის უფლება მიეცეთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რეზოლუციამ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე და „პირველად“ აღნიშნა, რომ რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებს ორ ოკუპირებულ რეგიონში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)