Bolt Food-ის კურიერები ხელფასების შემცირებას და სამსახურიდან „უსამართლო“ გათავისუფლებას აპროტესტებენ
ტალინში დაფუძნებული საკვების მიტანის კომპანია Bolt Food-ის ქართველმა კურიერებმა დღეს, თბილისში, მეოთხე საპროტესტო აქცია გამართეს და შემცირებული ხელფასები და სამსახურიდან თანამშრომლების „უსამართლო“ დათხოვნა გააპროტესტეს. ისინი 17 მარტიდან გაფიცულები არიან.
კომპანიის ყოფილმა მძღოლმა ილია ჭაბაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ის პროტესტის გამო ოც სხვა თანამშრომელთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან დანარჩენ თანამშრომლებსაც მოუწოდა, რომ გაფიცვას შეუერთდნენ.
ჭაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვარში საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან მოყოლებული, Bolt Food-მა, მათი ანაზღაურება თითოეულ მიტანაზე უკვე 4 ლარამდე გაანახევრა. მისივე თქმით, მართალია, კურიერები ელოდნენ ხელფასების შემცირებას, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ კომპანია დაპირებულ სამართლიან ბონუს სისტემას შემოიღებდა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ კომპანიამ სანაცვლოდ „აბსურდული“ სქემა შემოიღო და კურიერებს დამატებით 20 ლარი შესთავაზა 20 მიტანაზე დღიურად. მათი თქმით, ამ ზღვარის მიღწევა შეკვეთების შეზღუდული რაოდენობისა და კურიერების მზარდი რიცხვის გამო შეუძლებელია. აქციის მონაწილის თქმით, მოგვიანებით, კომპანიამ მიწოდების საჭირო რაოდენობა 15-მდე შეამცირა, თუმცა სხვა მანიპულაციურ სქემას მიმართა, რათა კურიერებს აღნიშნული ნორმა ვერ შეესრულებინათ.
ჭაბაშვილის თქმით, კომპანიის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გუშინ კურიერებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ Facebook-ის პოსტით გამოეხმაურა.
კომპანიამ განცხადებაში უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე და რომ მათ თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე.
კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორი კურიერებისთვის, გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება ყოველი შეკვეთის შესრულებისას, 50%-ით აღემატება ბაზარზე არსებულ სხვა მიტანის სერვისების პირობას და დასძინა, რომ პარტნიორი კურიერების ანაზღაურების სისტემაზე ცვლილებები საპარტნიორო ხელშეკრულებით რეგულირდება.
„[გაფიცვამ] ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაბლოკილი იქნა პლატფორმიდან“, განაცხადა კომპანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც, შესაძლოა, Bolt Food-ის საქმიანობა შეაფერხოს, „მკაცრი რეაგირება“ მოჰყვება.
იმავდროულად, კურიერებმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართეს და კომპანიის თანამშრომლობის გათავისუფლებაზე სწრაფი რეაგირება სთხოვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)