არასამთავრობოები ევროკავშირის მედიაციის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ
თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 25 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს კრიზისის საკითხებში, ქრისტიან დანიელსონს მიმართა და მოუწოდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.
მათ სინანული გამოთქვეს, რომ მედიაციის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის „ნაკლებად გამჭვირვალეა“, რაც „საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ“.
ქრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნებას რამდენიმე დღეში გეგმავს. მან წინა ერთკვირიანი ვიზიტი თბილისში 19 მარტს დაასრულა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)