მედიაციის განახლებამდე დანიელსონმა მოსამზადებელი შეხვედრები გამართა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესის განახლებამდე 28 მარტს თბილისში მოსამზადებელი შეხვედრები გამართა.
დანიელსონი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. დანიელსონმა ევროპარლამენტის შვიდ წამყვან წევრთან დისტანციურ რეჟიმში მომდევნო ნაბიჯებიც განიხილა.
არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დანიელსონმა განაცხადა: „ევროკავშირი მტკიცედაა მზად საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს“. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აკისრიათ და არა ევროკავშირს. „ვფიქრობ, მათაც იციან, რისი გაკეთებაა საჭირო შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა მან.
„ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა, საჭიროა კომპრომისი და ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი არის სიძლიერე, კომპრომისი არის ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი ევროპული გზაა“, – დასძინა მანვე.
შეხვედრის შესახებ საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა მხარეებს შორის კომპრომისის საჭიროებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის [ნაციონალური მოძრაობის ლიდერის], ნიკა მელიას და [„მთავარი არხის“ მეწილის], გიორგი რურუას გათავისუფლება…. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი“, – განაცხადა მან.
„პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუციების დამოუკიდებლობისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ამის შემდგომ ვისაუბრებთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე “, – განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. მისივე თქმით, პროცედურულად, „ხელისუფლებამ უნდა აიღოს ძირეული რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა, ოპოზიცია კი – უნდა შევიდეს პარლამენტში, იმისათვის, რომ [საჭირო] რეფორმები გატარდეს… სამართლებრივადაც შეუძლებელია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება“.
შეხვედრის წინა დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტიკური ლიდერების სახელზე მიმართვა გაავრცელა და რეფორმებისა და კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე საკუთარი წინადადებები წარუდგინა.
ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მისი პირველი მისია თვის დასაწყისში წარუმატებლად დასრულდა.
ასევე წაიკითხეთ:
- მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში დანიელსონის დაბრუნებამდე მედიაციაზე საუბრობენ
- ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება
- ევროკავშირის მედიაცია: შეთანხმება ვერ შედგა, დანიელსონი ბრიუსელში გაემგზავრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)