„მედიის განვითარების ფონდის“ ახალი ანგარიში საქართველოში ინფოდემიის მთავარ თემებს ავლენს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ 30 მარტს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში – „ინფოდემია საქართველოში“ ნათქვამია, რომ ქართულენოვან მედიაში ინფოდემიასთან დაკავშირებულ ძირითად თემებს შორის კორონავირუსის პანდემიის უარყოფა, კონსპირაციები ვირუსის წარმომავლობის შესახებ და ვაქცინაცია იყო.
2020 წელს ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ კოვიდ-19 წარმოჩენილი იყო, როგორც „გლობალური კონტროლისა და ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების მიზნით თავსმოხვეული მოვლენა, რომელიც ხელოვნურად შექმნილია და „ციფრული დიქტატურის“ დამყარების მიზნით ვრცელდება.
„მედიის განვითარების ფონდმა“ აღნიშნა, რომ ვაქცინებთან მიმართებით ყველაზე გავრცელებული გზავნილი ჩიპიზაციას და ბილ გეიტსის მიერ მოსახლეობის დეპოპულაციის გეგმებს უკავშირდებოდა. ასევე, დომინირებდა მოსაზრება, რომ ვაქცინებსა და პრეპარატებს „საქართველოს მსგავს მესამე ქვეყნებზე ცდიდნენ“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ის წყაროები, რომლებიც „მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ ავრცელებენ, ძირითადად რუსეთთან არიან კავშირში ან მათი მფლობელი რუსეთის მთავრობაა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც სასულიერო პირები, ასევე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ანტივაქსერულ განწყობებს რელიგიური მოტივით „ასაბუთებდნენ“, სხვები კი – „ქართული დნმ-ის განსაკუთრებულ უნარზე, გამკლავებოდა კორონავირუსს“ აპელირებდნენ.
„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი ხშირად პოლიტიკური პრიზმიდან განიხილებოდა, რაც ყველაზე მკაფიოდ კრემლთან დაკავშირებული მედიების შემთხვევაში გამოვლინდა, რომლებიც ამკვიდრებდნენ აზრს, რომ „დასავლური ვაქცინები არასაიმედოა“.
ანგარიშის თანახმად, კრემლისტური მედია ჩინეთსა და რუსეთს პანდემიასთან გამკლავებაში ლიდერებად წარმოაჩენდა, რომლებიც სხვა ქვეყნებს დახმარების ხელს უწვდიდნენ, ხოლო „დასავლეთი არც სხვა ქვეყნების მიმართ იყო სოლიდარული და არც პანდემიასთან გამკლავების უნარი შესწევდა“. ორგანიზაციის განცხადებით, ამგვარი ნარატივი „ევრო-ატლანტიკური სკეპტიციზმის გაღვივებას“ უწყობდა ხელს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები კორონავირუსს „ლიბერალიზმისა და დასავლური ცხოვრების წესის გამო მოვლენილ ღვთის სასჯელად“ აცხადებდნენ.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ულტრანაციონალისტური „ქართული მარში“ პანდემიის გამო ირანის და ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ითხოვდა. ჩინეთთან ამგვარ შეზღუდვების ამოქმედება ყოფილმა პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმაც მოითხოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- NDI: მოქალაქეები დიდწილად სკეპტიკურად არიან განწყობილნი ქვეყნის კურსისა და კორონავირუსის ვაქცინის მიმართ
- MDF-ის ანგარიში ანტიდასავლურ გზავნილებზე, სიძულვილის ენასა და ყალბ ინფორმაციაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)