საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავს აღნიშნავს
საქართველოს პირველმა პირებმა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი აღნიშნეს. 1991 წლის 31 მარტს მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უბნებზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. გამსახურდია, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა, დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი იყო.
„[ზვიად გამსახურდიას] პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში – გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ დღემ სათავე დაუდო „ახალ, გათავისუფლებულ“ საქართველოს, რამდენადაც 1991 წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველმა „ევროპისა და განვითარების გზა აირჩია“.
რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება საბჭომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ორი წლისთავს დაამთხვია.
საბჭოთა მმართველობამ საქართველოში 70 წელს გასტანა. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში დაიპყრო და მოგვიანებით, 1922 წელს საბჭოთა კავშირში შეიყვანა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საბჭოთა მმართველობა არასდროს უცვნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)