რუსი ჟურნალისტის საქართველოში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გამო ხელისუფლება მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. გუშინ, გვიან ღამით გამართულ საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, სადაც პოზნერს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასახარბიელო გამონათქვამებითაა ცნობილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
მედიის ინფორმაციით, პოზნერი დაახლოებით 50 რუს ჟურნალისტთან და ცნობილ სახესთან ერთად თბილისში ჩარტერული რეისით 31 მარტის საღამოს ჩამოვიდა და 1 აპრილს საკუთარი დაბადების დღე უნდა აღენიშნა.
ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავს დაემთხვა და ამას გარდა რუსმა ჟურნალისტებმა პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი დაარღვიეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.
სამოქალაქო და ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები, ასევე ოპოზიციის ლიდერები თბილისის ცენტრში იმ სასტუმრო-რესტორნის წინ შეიკრიბნენ, სადაც პოზნერის მეგობრების ჯგუფი კომენდანტის საათის დარღვევით ვახშმობდა.
აქციის მონაწილეები, რომელთაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, აცხადებდნენ, რომ „კრემლის პროპაგანდისტი“ და „პუტინის იდეოლოგი“, რომლის თქმითაც, „აფხაზეთი არასდროს გახდებოდა საქართველო“, არ უნდა შემოეშვათ ქვეყნაში. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა იმ შენობას, სადაც პოზნერის სტუმრები იყვნენ შეკრებილნი, დენი გაუთიშეს.
აქციაზე პოლიტიკური მოძრაობის „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 112-ში დარეკა და კოვიდ-19-ის წესების დარღვევის შესახებ აცნობა. შრომის ინსპექციამ სასტუმრო-რესტორანი 21:00 საათის შემდეგ სტუმრების ადგილზე მომსახურებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სიტყვებზე დაყრდნობით, მედია ასევე იტყობინება, რომ პოლიცია პოზნერსა და მის სტუმრებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო თითოეულს 2 000 ლარით დააჯარიმებს.
პროტესტის ფონზე, პოლიციამ პოზნერი და მისი სტუმრები რესტორნიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაიყვანა, სადაც ისინი დაბინავდნენ. აქციის მონაწილეები მათ უკან გაჰყვნენ და სასტუმროს შესასვლელს პროტესტის ნიშნად კვერცხები ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით მედია იტყობინება, რომ პოზნერს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია და იგი საქართველოს მანამდეც ბევრჯერ სტუმრობდა. სამინისტროს ინფორმაციით, პოზნერის დელეგაციის ნაწილს კოვიდ-პასპორტები ჰქონდა, ხოლო სხვებმა ჩამოსვლისას უარყოფითი PCR ტესტები წარმოადგინეს.
თუმცა, ზოგიერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს უცხოელი მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ შორის, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მისი საქართველოში ყოფნა მიუღებელია.
რეაქციები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ვლადიმირ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს და ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდეს“.
აღნიშნა რა, რომ პოზნერის ჩამოსვლა ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რომ მისი განცხადებების გამო იგი ქვეყანაში არ შემოუშვას – განცხადებების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“.
„ჩვენი მიზანია, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის სახის ყოველი საქართველოში გატარებული წუთი იყოს მაქსიმალურად არაკომფორტული“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა. მისივე თქმით, სერგეი გავრილოვის ამბიდან ქართულმა ოცნებამ ვერანაირი გაკვეთილი ისწავლა და პირიქით, იმავეს აგრძელებს.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პოზნერი და მისი სტუმრები ქართული პოლიციის ესკორტით მოძრაობენ, ქართული პოლიციით გარშემორტყმულ რესტორანში სხედან და „როდესაც საქართველოს მოქალაქეებს პირბადის არტარებაზე აჯარიმებენ ქუჩაში, ეს თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში და რესტორანშიც ქეიფობს“.
ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა, იმსახურებდა თუ არა რუსი ჟურნალისტი „ამ სახის პროტესტს“. „ჩვენ, ახლა, ამაზე დიდი პრობლემა, ვიდრე პოზნერის საღამოს ვახშამი, ამაზე მეტი გასაპროტესტებელი როგორ არ გვაქვს?“, – იკითხა მან.
„დღეს ამ ხელისუფლებამ გვითხრა კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერს უნდა შევეგუოთ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქართველთა წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ფაშისტური პოლიტიკა არის მისაღები, ეს ადამიანი დღეს აქ ქართულ ღვინოს სვამს. ამ დროს, მთელი საქართველო პოლიტიკური კომენდანტის გამო სახლშია გამოკეტილი“, – აღნიშნა ლელო საქართველოსთვის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)