რუსი ჟურნალისტი, რომლის საქართველოში ვიზიტსაც პროტესტი მოჰყვა, ქვეყნიდან გაემგზავრა
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სადავო განცხადებებით არის ცნობილი, თანმხლებ 30-მდე ჟურნალისტთან და ცნობილ სახესთან ერთად, 1 აპრილს, გამთენიისას საქართველოდან გაემგზავრა. პოზნერმა, რომელიც ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა, გასულ ღამეს, მისი ვიზიტის საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ქვეყნიდან ნაადრევად გაემგზავრება გადაწყვიტა.
პროტესტის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანაში „კრემლის პროპაგანდისტის“ შემოშვების გამო გააკრიტიკეს. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ პოზნერი და მისი თანმხლებნი პრივილეგირებული მოპყრობით სარგებლობდნენ, რამდენადაც მათ კომენდანტიის საათის დროს გადაადგილების უფლება და სარესტორნო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდათ. საზოგადოების რეაქციის შემდეგ, შსს იძულებული გახდა, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის შესაბამისი ზომები მიეღო.
ქართული ოცნების გამოხმაურება
პოზნერის ვიზიტის გამო საზოგადოების უკმაყოფილებაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და, როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს“.
„პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს“, – თქვა პრემიერმა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობამ” ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია“, – დაამატა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოზნერს და მის თანმხლებ პირებს კოვიდპასპორტები და PCR ტესტზე უარყოფითი პასუხები ჰქონდათ და „ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში“. რაც შეეხება, ერთ-ერთ სასრუმრო-რესტორანში სტუმრების რეგულაციების დარღვევით შეკრებას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება – დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე ყოველი ინდივიდი“.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გაიმეორა შსს-ს გუშინდელი განცხადება, რომ პოზნერს და მის თანმხლებთ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევიათ.
გუშინდელი აქციის დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „დესტრუქციის მცდელობასა“ და „ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში“ დაადანაშაულა მამუკა მდინარაძემაც. „ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია!“, – დაამატა მან.
მოსკოვის რეაქცია
პარალელურად რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის. „კრემლი მკაცრად გმობს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოს დედაქალაქში ექსტრემისტი ნაციონალისტების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას“, – წერს „ტასი“ პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. დღეს რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის საშინაო პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს გამოიწვევს“, – დაწერა „ტელეგრამზე“ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
გაავლო რა პარალელი 2019 წელს საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტთან, ვოლოდინმა თქვა – „ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მხოლოდ ანადგურებს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა“.
„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: ჩვენ რთული გზით მივდივართ ზურმუხტისფერი ქალაქისკენ“, – დაწერა Facebook-ზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ, რასაც ქართველი დემონსტრანტების მიერ იმ სასტუმროსთვის კვერცხების სროლის ამსახველი ვიდეო დაურთო, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)