ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველოში აფასებენ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს წერილი გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ საკითხს დააყენებს.

ქართული მედია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ელჩმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ხელმომწერები ის წამყვანი პარლამენტარები არიან, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ქვემოთ ევროპარლამენტარების განცხადებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებებია მოცემული.

ქართული ოცნების შეფასება

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ექვსი ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის მაგივრად რომ ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა [და] რა იყო ევროკავშირის პოზიცია… არ მგონია, რომ ექვსი თუ შვიდი, თუნდაც რვა პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“.

კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „ჩვენ წილ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ ზუსტად იმიტომ ვიყავით თანახმა შეთანხმება საბოლოო ჯამში შემდგარიყო, თუმცა შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა… ევროკავშირის პოზიცია ეს არ არის, ეს არის შვიდი, ამ შემთხვევაში საკმაოდ გავლენიანი, გეთანხმებით, ევროპარლამენტარის მოსაზრება, რა შეიძლება ამას [შეთანხმების ვერ მიღწევას] მოყვეს. ყველანაირი მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, [რომ] არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას, არამედ ბოლომდე ვიმუშაოთ ზუსტად ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ თანამშრომლობას რომელსაც ისინი ჩვენგან ელიან“.

ოპოზიციის შეფასება

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „პირდაპირ არის ნამდვილად საგანგაშო გზავნილი და საგანგაშო გზავნილი იმ კუთხით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს… სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე. დაიწყო საუბარი იმაზე რომ ტექნიკური დახმარება და მთელი ფინანსური ასიგნებების ფარგლებში გადმოცემული ინვესტირება დემოკრატიის განვითარების კუთხით და კანონის უზენაესობის კუთხით შეიძლება შეჩერდეს“.

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა უპირატესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და ეს ნათლად არის ამ გზავნილში. რაც შეეხება ოპოზიცის პასუხისმგელობას, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და მე პირადად ვხედავ ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას იმაში რომ უფრო მეტი ზეწოლა, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა ქართულ ოცნებაზე… ფინანსურ სანქციებზე უფრო მეტად დასანანი იქნება და შემაშფოთებელი და ქვეყნისთვის საზიანო, ის ფრაზა რაც პირდაპირ წერია – ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების გადახედვა“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ვოლსკის, თურმე, არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე „გუგლი“ ან „ვიკიპედია“ გამოიყენოს… ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას. შესაბამისად, მათი ნება ასახავს სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას საქართველოს საკითხზე. მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)