აფხაზეთიდან გამოსვლის მცდელობისათვის 2021 წ. იანვარ-მარტში 3 000-მდე გალელი დააკავეს
სოხუმში დაფუძნებული მედიასააგენტოს, აფსნიპრესის 2 აპრილის ცნობით, აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 2021 წლის პირველ სამ თვეში გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავა დანარჩენ საქართველოში „უკანონოდ“ გადმოსვლის მცდელობისათვის.
აფსნისპრესის თქმით, აღნიშული სტატისტიკა რუსტამ ლაპიტოვმა, უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პირველ აპრილს უშიშროების სამსახურის, საბაჟოს, გალის რაიონის ხელმძღვანელობისა და აფხაზეთში რუსეთის FSB-ს საოკუპაციო წარმომადგენლობის შეხვედრაზე გაასაჯაროვა.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მომიზეზებით, სოხუმმა ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები პირველად 2020 წლის თებერვლის ბოლოს შემოიღო, იმავე წლის მარტში კი პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მას შემდეგ, ენგურის ხიდზე სოხუმმა ე.წ. „ჰუმანიტარული დერეფანი“ ცალმხრივად რამდენჯერმე გახსნა, თუმცა დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის კორონავირუსამდელი რეჟიმის აღდგენას რეგიონის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს.
ამ ფონზე, 2021 წლის თებერვალში, თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, აფხაზურმა მხარემ ენგურის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა და დანარჩენ საქართველოში მიმოსვლის ნება რეგიონის მკვიდრთა გარკვეულ ნაწილს, მათ შორის, მოხუცებს, პენსიონერებსა და შშმ პირებს დართო.
გალის რაიონში 30 000-ზე მეტი მოსახლეა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ფლობენ.
მარტში აფხაზმა „ომბუდსმენმა“ ასიდა შაკრილმა რეგიონის ლიდერ ასლან ბჟანიას ენგურზე მიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა. შაკრილი მაშინ წერდა, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეჩერებული მიმოსვლა სხვა ვერაფრად აღიქმებოდა, თუ არა რეგიონში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ „დისკრიმინაციად“.
აღსანიშნავია, რომ სოხუმმა რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლა 2020 წლის აგვისტოში, რეგიონში კოვიდ-19-ის ეპიდემიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე აღადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)