სახელმწიფო ინსპექტორი „სირცხვილიას“ აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობას იძიებს
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებისა და წევრების წინააღმდეგ ბათუმში 3-4 აპრილს კომენდანტის საათის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხის გამოძიება დაიწყო.
ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია და აქტივისტები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც პოლიცია კომენდანტის საათის დროს მოძრაობის რეგიონულ ოფისში შევიდა. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს პოლიციას ორი ახალგაზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად სამი პირია დაკავებული.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მოძრაობამ „სირცხვილია“, რომელიც თბილისსა და ბათუმში შაბათს გამართულ აქციებს უძღვებოდა, განაცხადა – „არ მივცემთ პოლიციას უფლებას, რომ ჩვენი ახლადგახსნილი ოფისი დაარბიოს, გადაჭარბებული ძალის გამოყენებით აქტივისტები დააკავოს ისე, რომ მიზეზი არც განმარტოს“.
იმავდროულად, 4 აპრილს, ანტიოპოზიციური აქტივისტების ჯგუფმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართა. მათ ხელში მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერების – გიგა მაქარაშვილისა და შოთა დიღმელაშვილის, ასევე ოპოზიციის ლიდერებისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ეკავათ წარწერით „FSB-ის აგენტი“. მოგვიანებით, ჯგუფი მოძრაობის ბათუმის ოფისთან მივიდა, რომელიც იმ დროს ცარიელი იყო და პოსტერი კედელზე ააკრა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლები იყვნენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 აპრილს განაცხადა, რომ „საფუძვლიანი ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები „რუსეთის აგენტები“ არიან. „სირცხვილიამ“ მმართველი პარტია მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
მოძრაობამ „სირცხვილია“, რომელიც 2019 წლის ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ ჩამოყალიბდა, დღეს ბათუმში დაუმორჩილებლობის მარში დააანონსა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)