IRI-ის კვლევა: ახალ არჩევნებზე საზოგადოების აზრი თანაბრად იყოფა; მოსახლეობას ეკონომიკა აშფოთებს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოქალაქეების აზრი თანაბრად იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ.
გამოკითხულების 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2020 წლის ივნისი – 53%), 30% კი – ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით (2020 წლის ივნისი – 38%).
ხელახალი არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი
ქვეყანაში ხელახალი არჩევნების შესახებ გამოკითხულების აზრი ორ თანაბარ (45%-45%) ნაწილად გაიყო. ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას მხარს „დანამდვილებით“ მხოლოდ 25% უჭერს, 20% „გარკვეულწილად კი“, 12% „გარკვეულწილად არა“, 33% „დანამდვილებით არა“, რეპოონდენტების 9%-მა კი – არ იცის.
რაც შეეხება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მას მხარს მხოლოდ 26% უჭერს, 60% არა. 14%-მა კი – არ იცის.
მათგან, ვინც ბოიკოტს მხარს უჭერს, 44%-მა ან არ უპასუხა ან არ იცის თუ რატომ. ბოიკოტს „დანამდვილებით“ უფრო მეტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა (46%) და სტრატეგია აღმაშენებლის (27%) მხარდამჭერები უჭერენ.
საჯარო ფიგურები და ინსტიტუციები
კვლევის შედეგებით, საზოგადოება ყველაზე დადებითად – 89%-ით კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აფასებს, მას 65%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (იგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გადადგა), 54%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, 52%-ით ევროპული საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, 42%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოსდევენ.
ყველაზე უარყოფითად მოქალაქეები დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის (69%); პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილისა (65%) და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის (65%) მიმართ არიან განწყობილნი.
ინსიტიტუციებისადმი საზოგადოების ნდობით 82%-ით პირველ ადგილს ჯარი იკავებს, მას 79%-ით ეკლესია, 64%-ით ქართული მედია, 54%-ით პოლიცია, 52%-ით კი – პრემიერ-მინიტრის აპარატი მოსდევენ.
იუსტიციის სახლი და ჯანდაცვის სამინისტრო ის ორი ინსტიტუციაა, რომლებიც რესპონდენტების უმეტესობამ შეაფასა როგორც ღია (53%) და გამჭვირვალე (52%). ბოლო ადგილზე პროკურატურა და სასამართლო სისტემაა, რესპონდენტების 62%-მა კი განაცხადა, რომ მათი საქმიანობა არც ღია და არც გამჭვირვალეა.
რესპონდენტების 51%-მა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენას ახდენენ სამთავრობო პოლიტიკაზე – ეს მაჩვენებელი 2020 წლის ივნისში 43% იყო.
ეკონომიკური ვითარება
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულების 49%-მა და 16%-მა პირველ არჩევნად უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები დაასახელა, 8% კი – სიღარიბე (რესპონდენტებს ორი შესაძლო ალტერნატივის მონიშვნა შეეძლოთ).
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის მთავარ გამოწვევად 12%-მა ეკონომიკური განვითარება დაასახელა, 5%-მა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, 6%-6%-მა კი – უმუშევრობა და განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები.
გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ვითარება „გარკვეულწილად გაუარესდა“, 39%-ის შეფასებით კი – „ძალიან გაუარესდა“. პარალელურად, რესპონდენტების 42%-მა თქვა, რომ მათი ოჯახებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა „გარკვეულწილად ცუდია“ (43% ივნისი), 29%-მა კი – აღნიშნა, რომ „ძალიან ცუდი (22% ივნისი).
კოვიდ-19-ის პანდემია
რესპონდენტების 15%-მა განაცხადა, რომ ისინი კოვიდ-15-თან გამკლავების კუთხით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით „ძალიან კმაყოფილნი“ არიან (41% ივნისი), 44% „გარვეულწილად კმაყოფილია“ (38% ივნისი), 19% „გარკვეულწილად უკმაყოფილო“ (13% ივნისი), 20% კი – „ძალიან უკმაყოფილო“ (7% ივნისი).
გამოკითხულების 39%-მა თქვა, რომ ის არ აიცრება, 20%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას შესაძლებლობისთანავე გაიკეთებს, 24%-მა კი – აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მერე. 6% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუკი ეს კანონით სავალდებულო იქნება.
საერთაშორისო ურთიერთობები
რესპონდენტების 87%-მა განაცხადა, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-თან, 85%-მა იგივე ევროკავშირის, ხოლო 84%-მა უკრაინის შესახებ განაცხადა. რაც შეეხება ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორებს, 69%-მა აშშ, 54%-მა ევროკავშირი, ხოლო 23%-მა უკრაინა დაასახელა.
რესპონდენტების 88%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ქვეყანას უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს, ხოლო 78%-მა აღნიშნა, რომ ის საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის. 36% სრულად, ხოლო 35% გარკვეულწილად უჭერს მხარს შემდგომ დიალოგს ამ ქვეყანასთან. რესპონდენტების უმრავლესობამ (53%) ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება უარყოფითად შეაფასა.
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი სრულმა მხარდაჭერამ 2020 წლის ივნისთან შედარებით ორივე შემთხვევაში 3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 59% და 67% შეადგინა. თუმცა იმ რესპონდენტების შემთხვევაში, რომლებიც გარკვეულწილად მხარს უჭერენ გაწევრიანებას, ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერამ კვლავ 78% შეადგინა, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში ის 87%-დან 83%-მდე შემცირდა.
ინფორმაციის წყაროები
ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ გამოკითხულების 35%-მა ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა, 19%-მა „მთავარი არხი“, 13%-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 8%-მა „ტელეკომპანია პირველი“, 3%-მა კი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი.
26%-მა აღნიშნა, რომ ქართული მედია „სრულიად თავისუფალია“, 46%-ის აზრით კი – „გარკვეულწილად თავისუფალი“. იმ 21%-დან, ვინც მიიჩნევს, რომ მედია თავისუფალი „საერთოდ არ არის“, 48% ამის მთავარ მიზეზად ხელისუფლების მხრიდან წნეხს ასახელებს.
ასევე წაიკითხეთ:
- პოლიტიკური რეიტინგები და ეკონომიკური საკითხები IRI-ის კვლევაში
- IRI-ის კვლევა: საზოგადოება მთავრობის კოვიდ-19-ზე რეაგირებით კმაყოფილია, თუმცა ეკონომიკა აშფოთებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)