არასამთავრობოები ნამახვანჰესის ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების „რეპრესიებს“ გმობენ
ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობა გამოუცხადა სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა „კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ“.
ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ „რეპრესიული მექანიზმებით“ მოქმედებს. მათი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და „მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი“.
„168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ღია საზოგადოების ფონდის განცხადება
12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ღია საზოგადოების ფონდმა აღნიშნა, რომ „გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა“.
ორგანიზაციის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 11 აპრილს სოფელ ნამახვანში კარვების დაშლის შემდეგ წარმოდგენილი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.
ორგანიზაციამ ხელისუფლება „პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. „არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამბის წინაისტორია
რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ 11 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა. შსს-მ ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
მას შემდეგ, რაც სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ერთი კვირის წინ ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია.
პოლიციის შესახებ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს გადაადგილების შეზღუდვის უფლებას ანიჭებს, შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივ სცენარს არ დაუშვებდა. აქტივისტებმა არაერთხელ გაიმეორეს მშვიდობიანი აქციის გამართვის პირობა.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.
პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან.
ასევე წაიკითხეთ:
- ნამახვანში აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ დაძაბულობა გაამწვავა
- ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას სამუშაოების განახლებას დაძაბულობა მოჰყვა
- ნამახვანჰესის შესახებ თურქეთის ელჩის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)