რამსეი მაკდონალდი: საქართველოში პოლიტიკური თავისუფლების ნაცვლად სამხედრო დიქტატურა გამეფდა
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1, სტამბოლი / პარიზი
სოციალისტები და საქართველო
მაკდონალდი საქართველოს შესახებ
ინგლისის ცნობილი სოციალისტი, მაკდონალდი [რამსეი მაკდონალდი – ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, 1920 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] სწერს მუშათა გაზეთში („ფოსვორდ“-ში) შემდეგს:
„პატარა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული თავისუფლებით სარგებლობს და სოციალიზმის ცხოვრებაში განხორციელებას ცდილობს, მხოლოდ შურს იწვევდა კომუნისტების გულში.
ბოლშევიკური თავდასხმა ამ სახელმწიფოზე და რევოლიუციური აჯანყება იმ ქვეყანაში, რომელმაც სტუმართ-მოყვარეობა გამოიჩინა ბოლშევიკების მიმართ, წარმოადგენს ყველაზე უფრო ცინიკურ ბოროტებას, რომელიც კი ჩაუდენია ჩვენ დროში იმპერიალისტურ მთავრობას.
საქართველო დიდი ხნიდან ჰყავდა ამოჩემებული მოსკოვის და ბაქოს ბოლშევიკებს გასანადგურებლად, მთელი თვეობით თხზავდნენ საშინელ ყალბ ისტორიებს საქართველოს შესახებ, თითქო მას სურდა ბათომის გადაცემა ინგლისისათვის, და თითქო მე ინგლისის მთავრობის აგენტად ვიყავი თბილისში. ყოველივე ამას სჩადიან იმისთვის, რომ დაფარონ აგრესიული პოლიტიკა ბოლშევიკებისა. და როდესაც ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს სომხეთის სატახტო ქალაქი, სულ მცირედი გაუგებრობა საზღვრების შესახებ სომხეთსა და საქართველოს შორის საკმარისი გახდა ომის დასაწყებად საქართველოსთან, და როცა ამან ვერ გაჭრა, ბ-ნ სტარკი (გულისხმობს საბჭოთა ელჩს აარონ შეინმანს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) მოსკოვის ელჩი თბილისში, აწყობს აჯანყებას და დარბევას თბილისში (მაკდონალდი სჩანს შეცდომაში შეიყვანა ბალშევიკების ყალბმა ინფორმაციამ. ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ თბილისი, ისე როგორც მთელი საქართველო დაიპყრეს მოსულმა ჯარებმა, მაგრამ შიგნიდან ის არ აფეთქებულა – ჟურნ. თავისუფალ საქართველოს რედაქციის შენიშვნა).
ყველა ქვეყნის კომუნისტებს შეუძლიათ გაიხარონ. პატარა სახელმწიფო თავის სოციალისტური მთავრობით დაემხო, სამხედრო ტირანია გამეფდა პოლიტიკური თავისუფლების ნაცვლათ. „გავიხაროთ“ ჩვენი სოციალისტური გულით, რომ მშვიდობიანობის საქმე ასე წინ მიდის. მაგრამ შევჩერდეთ ერთი წუთით! რამდენათაც მე ვიცნობ ქართველებს, მათ კიდევ არ უთქვამთ თავის უკანასკნელი სიტყვა.