ქვეყნის პირველი პირები ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანაზე
საქართველოს ლიდერები ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომელიც ავღანეთიდან სექტემბერში მისიის გამოსვლას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი „ღირსეულად და პასუხისმგებლობით“ გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს.
„ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატოს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას.
აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო ძალები ეტაპობრივად დატოვებენ ავღანეთს, პრეზიდენტმა განაცხადა – „აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა „არსებითია ჩვენი სტრატეგიული მიზნის – ნატოს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად“.
მისი თქმით, ქართველმა სამხედროებმა მისიაში მონაწილეობით „ღირსეული წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა „საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან“. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები „მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)