ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე, საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ანგარიში აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ სერიოზული გავლენა იქონია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება კი – პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კვლავ ჩართულები იყვნენ და აგრძელებდნენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. დოკუმენტის თანახმად, „თანათავმჯდომარეებმა ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური“.
რაც შეეხება ოკუპირებული რეგიონების დახმარებას, ანგარიშის თანახმად, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაეხმარნენ აფხაზეთის მოსახლეობას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა და დაეხმარა აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს კოვიდ-19-ის პანდემიის გამოწვევებთან გამკლავებაში. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ჩართულობა ცხინვალის რეგიონში მხოლოდ წითელი ჯვრის კომიტეტით შემოიფარგლებოდა, ვინაიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა.
დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში განათლების ქართულ ენაზე მიღებასთან დაკავშირებით პროგრესი ვერ იქნა მიღწეული.
აფხაზეთში არსებული ვითარება
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტის შესახებ იტყობინება. ამავე ინფორმაციით, ამ პერიოდში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები არ გამართულა.
რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ აიძულა ადამიანები, რომ უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, რითაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკი შეექმნა და რამდენიმე შემთხვევაში უკანონო დაკავება და დაჯარიმება მოჰყვა.
კერძოდ, 2021 წლის იანვარში, ამგვარი ქმედებისთვის ხუთი პირი, ხოლო 2020 წელს 13 პირი დააკავეს, ნათქვამია ანგარიშში. ევროპის საბჭო ხაზს უსვამს კრემლის მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო დაკავების სამ ფაქტს, ასევე აფხაზეთში ირაკლი ბებუას „უკანონო გასამართლებას“.
თბილისის მიერ აფხაზეთისთვის აღმოჩენილ სამედიცინო დახმარებაზე ანგარიშში ნათქვამია, რომ 264-მა კოვიდპაციენტმა, ასევე 83 პირმა, რომელთაც სხვადასხვა გართულებები აღენიშნებოდათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმკურნალეს.
ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება
დოკუმენტი 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ დაძაბულობასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა.
დოკუმენტის თანახმად, ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები აღდგა და 5 მარტს 98-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და თვითნებური დაკავებების ფაქტები განიხილეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული 60 ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, 2021 წელს კი – კიდევ 15 ასეთი ინციდენტი მოხდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში 38 პირი დააკავეს. ევროპის საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის დაკავების, ასევე გენადი ბესტაევისა და ზაზა გახელაძის გასამართლების საქმეებს. აღსანიშნავია, რომ ბეღელური 1 აპრილს, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გაათავისუფლეს.
ანგარიშის თანახმად, გამშვები პუნქტების ხანგრძლივმა ჩაკეტვამ ხელი შეუშალა ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს, რომ დანარჩენ საქართველოში ჰქონოდათ ჯანდაცვაზე წვდომა. თუმცა, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი სამედიცინო მიზნით ახალგორის რაიონიდან გადმოსვლა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ამ მიზნით მხოლოდ ერგნეთის გამშვები პუნქტი გამოიყენება. ამ კონტექტსში, ევროპის საბჭო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს ცხინვალიდან თბილისში დაახლოებით 100 სამედიცინო ევაკუაციას შეუწყო ხელი.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)