შსს: „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულნი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც მძევლად რამდენიმე ადამიანი ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, მძევლები კი – გათავისუფლებულნი.

მედიასთან საუბარში სირაძემ თქვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ერთი პირი იყო. თავდასხმის შედეგად „დაზიანება არავის მიუღია და ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფებში“, – აღნიშნა მანვე.

სირაძეს თავდამსხმელის მოთხოვნებისა და მძევლების ზუსტი რაოდენის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტეს, რომ თავდამსხმელი ბანკის ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და მძევლად 7 ადამიანი აიყვანა.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარებს (სსსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლები).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)