ქართული ოცნება ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს მოაწერს
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ქართული ოცნება ევროკავშირის მედიაციით მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს შეთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე არჩევნებიც განიხილოს, თუკი ქართული ოცნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 40%-ის მიღებას ვერ შეძლებს.
„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე [31 მარტს] დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების საკითხი საბოლოო დოკუმენტში ევროკავშირის მედიატორმა, ქრისტიან დანიელსონმა შეიტანა, რაც „საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ“. „ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება“, – დაამატა მან.
ხაზი გაუსვა რა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება „მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაა“, არჩილ თალაკვაძემ დაამატა, რომ „ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ“.
არჩილ თალაკვაძის განცხადების საპასუხოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩი-მეტი თავისუფლების, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა – სალომე სამადაშვილმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და სერგო ჩიხლაძემ განაცხადეს, რომ ისინი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე არსებული ფორმით ხელმოწერას არ გეგმავენ და განმარტავენ, რომ მასზე „პოლიტპატიმრებისა“ და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხებზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს კომპრომისული დოკუმენტი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მისი ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მხარეებმა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებაზე, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხზე პოზიციის მნიშვნელოვნად დაახლოება შეძლეს, თუმცა „პოლიტპატიმრებისა“ და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
ურთიერთბრალდებების ფონზე, 31 მარტს, მოლაპარაკების მეორედ ჩაშლის შემდეგ, მედიასთან საუბარში შარლ მიშელმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)