ქართული ოცნება ევროკავშირის ახალი წინადადების ხელმოწერაზე მიანიშნებს
ქართულმა ოცნებამ 19 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული წინადადების ხელმოწერის საკითხი განიხილოს. თუმცა, მმართველ პარტიაში ხაზი გაუსვეს, რომ შეთანხმების პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ოპოზიციას „პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“ მოუწოდა.
ახალი წინადადება ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნას შეიცავს – „პოლიტპატიმრების“ ამნისტიას და 2022 წელს ვადამდელი არჩევნების სავარაუდო ჩატარებას – რაც არ შედიოდა შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც მხოლოდ მმართველმა პარტიამ მოაწერა ხელი.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მმართველმა პარტიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი“. ქართულმა ოცნებამ ასევე განაცხადა, რომ არ დააფიქსირებს საკუთარ კრიტიკულ პოზიციას, თუ მას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს.
ქართული ოცნება ლელოს-საქართველოსთვის ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკურ სტატუსს შეაფარეს თავი. ქართული ოცნების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება, „დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას“. „ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სისტემასა და პროკურატურაზე „ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით“. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით „მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა“ და ამის დასტურად „მსოფლიო ბანკისა“ და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები მოყავს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. ამას გარდა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „IPSOS France“-ის კვლევით, „საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას“.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია ევროკავშირის ახალ წინადადებას ოპტიმიზმით უყურებს, „ოცნება“ შეხვედრაზე არ მივიდა
- ევროკავშირის ახალი წინადადება საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)