არასამთავრობოები პარტიებს ევროკავშირის ახალი წინადადების ხელმოწერისკენ მოუწოდებენ
19 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმა ზოგიერთი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის ახალ წინადადებას მოაწერონ ხელი და მოუწოდა იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც ჯერ ისევ მერყეობენ, მხედველობაში მიიღონ არსებული პოლიტიკური კრიზისი და ასევე მოაწერონ ხელი დოკუმენტს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ „დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა“.
ხელმომწერმა ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადეს, რომ მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს კომპრომისს.
„შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)