საქართველოს რეიტინგი 2021 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში
მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა.
კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა უსწრებს. სომხეთს 28.83 ქულით 63-ე ადგილი უკავია.
ანგარიშის შეფასებები
„ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“, – ნათქვამია დოკუმენტში. მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის თქმით, „ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელების გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“.
ანგარიშის თანახმად, ეს ტენდენცია „ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში გამოვლინდა“, რომელიც ხელისუფლების მიმართ მხარდამჭერი არხი გახდა მას შემდეგ, რაც ის ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა. ანგარიში „ტელეკომპანია აჭარის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც ეხება, რომელმაც „მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა და ჟურნალისტები სამსახურიდან დაითხოვეს“.
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია ნათია ზოიძის „ზეწოლის“ გამო გადადგომით
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „შემაშფოთებელი ტენდენცია გაჩნდა“, როდესაც მედიის საქმიანობაში ჩარევას უსაფრთხოების სამსახურები და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობენ, რომელთა „პრეროგატივაც თანდათან გაფართოვდა და თვალთვალი და ცენზურაც მოიცვა“.
ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩამოყალიბებული ონლაინპლატფორმა „მედიაკრიტიკა“ ამოწმებს „მედიის შინაარსს და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციას ახდენს“.
ანგარიშში ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან თავდასხმებზეცაა საუბარი. „მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა არცთუ ხშირია, პოლიცია ზოგჯერ თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს და ამას ყოველგვარი დასჯის გარეშე აკეთებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)