ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 20 აპრილს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერიდან მეორე დღეს, თბილისში ჩამოვიდა.
პრეზიდენტი მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღესვე, მოგვიანებით იგი საქართველოს პარლამენტსაც ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და დეპუტატებს შეხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას „ნამდვილი ევროპული სულისკვეთებით მოეწერა ხელი და თქვენ [საქართველო] ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ მიჰყავხართ“.
მისი თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს წარმოადგენს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის განსახორციელებლად, ასევე კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, რაც „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მთავარი პრიორიტეტებია“. „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია და განხორციელდეს რეფორმები“, – თქვა პრეზიდენტმა მიშელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად პარლამენტში ძალების გადანაწილება პარლამენტის აქტიური ფუნქციონირების საფუძველი გახდება.
პრეზიდენტმა მიშელმა „უკრაინის საზღვრებზე რუსული ძალების კონცენტრაციის და ყირიმის უკანონო ანექსიის“ თაობაზე შეშფოთება გამოხატა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის უფლებები, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას უკვე ენიჭება, ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელი ქვეყნების დონეზე“. მისივე თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის ძალისხმევითაც პრეზიდენტის სასახლეში მედიაციის საბოლოო ეტაპი გაიმართა. „ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმება უზრუნველყოფს საარჩევნო და მართლმსაჯულების პროცესების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას.
„ამ შეთანხმებას არანაკლები შედეგი აქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. ეს შეთანხმება ასახავს საქართველო – ევროკავშირს შორის უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. „ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციების მოსაზიდად, იმ დიდ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი, რადგან ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა დღევანდელი საქართველოსათვის“, – განაცხადა მან.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ასოცირებამ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თავისი სრულყოფილი სახე მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში იმართება, ასოცირების სამიტად გადაიქცეს, რომელსაც ასოცირებული ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან
პრეზიდენტმა მიშელმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „გამბედავი პოლიტიკური არჩევნისა“ და საქართველოს მომავლის ხედვისთვის, მანვე ოპოზიციაც შეაქო მზადყოფნისთვის, რომ „პოლარიზაცია გვერდზე გადაედო“.
„დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ , – განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია“.
მან განაცხადა, რომ ახლა პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების მიღებისა და მათზე მუშაობის დროა და დასძინა, რომ ეს რეფორმები საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ გზას გაუკვალავს.
„შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი „არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, რომ ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი, პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა მან.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის, ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური, პოლიტიკური და „ფიზიკური ინტეგრაციის“, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, რუსეთის ოკუპაცია, განიხილა.
ასევე წაიკითხეთ:
- ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
- პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)