„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაგზავნეს
საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტის – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე, რომელიც ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ სახელით არის ცნობილი, ბრალდებულების უფლებადამცველებმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, საჩივარი ევროპის ადამინის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.
ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული „კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის ოქტომბერში, „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედების“ ბრალდებით დააკავეს, რაც 10-15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ექსპერტების დაკავება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა, რამაც ბევრ ეჭვი აღუძრა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
მელაშვილი და ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაშინ პროკურატურამ თქვა, რომ ბრალდებულების მიერ „ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული“ და გამოძიება მათთვის დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)