ევროპარლამენტარები 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმებიან
21 აპრილს, სამი წამყვანი ევროპარლამენტარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში – მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი მიესალმნენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას და ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილ პარტიებსა და დეპუტატებს კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდეს.
აღნიშნეს რა, რომ ახალი დოკუმენტი „პოლიტიკურად დაბალანსებულია და საქართველოს ყველა მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს“, სამმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შეთანხმება პარტიებს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც „საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა“.
„წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან“, – აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სრულყოფილად ამოქმედდება და პოლიტიკური კრიზისიც დასრულდება.
ევროპარლამენტარების თქმით, ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს პარლამენტთან „მჭიდრო თანამშრომლობას“ და დაეხმარება მას არჩევნებზე დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს შორის მედიაციის მეშვეობით.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
- ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
- პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)