ამერიკელმა სენატორებმა 19 აპრილის შეთანხმების „სრულად განხორციელებაზე“ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს
ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) და რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი, ვისკონსინი) 22 აპრილს სენატს ორპარტიული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელიც პარლამენტში არჩეულ ქართულ პარტიებს მოუწოდებს, რომ „სრულად განახორციელონ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული კომპრომისული დოკუმენტი.
სენატორები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ „პარლამენტში საკუთარი ადგილები დაიკავონ“ და იმ გამოწვევებზე დაიწყონ მუშაობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, მათ შორის, კოვიდ-19-ის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რთულ რეგიონულ დინამიკაზე.
რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, სენატორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სისტემური რეფორმები განახორციელოს „ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით“, ასევე ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების გზით, რაც სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სისტემური საარჩევნო რეფორმების განხორციელებისკენაც მოუწოდებს, მათ შორის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების გზით, რაც პოლიტიკური კრიზისის მიზეზებს აღმოფხვრის და მისი გამეორების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
სენატის რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გაამწვავა“ მოსკოვის ძალისხმევამ, რომ „ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში ქაოსი დათესოს“.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების წინაშე არსებული დაბრკოლებები შეანელებს მის პროგრესს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევისა და ეკონომიკის გაძლიერებისკენ და, შესაძლოა, აშშ-ის დახმარებაზე პირობითობის პრინციპის გამოყენებით დასრულდეს“.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, სამართლიანი და გამჭვირვალე სახელისუფლებო ინსტიტუტებით, რომლებიც „რუსეთთან და სხვა მავნე გავლენებთან დაპირისპირებას შეძლებენ და ექნებათ უნარი, რომ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მიაღწიონ“.
სენატორების განცხადებები
„ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს სერიოზული შედეგები აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა და დასძინა, რომ „რეზოლუცია საქართველოსა და მისი ტრანს-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენს ერთგულებას ასახავს“.
აღნიშნა რა რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი პოლიტიკური ნდობის აღსადგენად, სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი განხორციელება „პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“ და „საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს“.
სენატორი ჯონსონი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც „უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ხელისუფლების დანაწილებასა და პოლიტიკურ ჩართულობას“ და აღნიშნა, რომ „უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ“ კომპრომისული დოკუმენტის სრულად განხორციელებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა
- ამერიკელი სენატორები ქართულ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ
- ევროპარლამენტარები 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმებიან
- „ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ევროპარლამენტარები საქართველოს ფინანსური დახმარების შეჩერებაზე
- აშშ-ის სენატმა „საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაზე“ იმსჯელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)