აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 23 აპრილის განცხადებით, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.
მინისტრის აპარატის ცნობით, ნეშტები უწყებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გადმოასვენეს.
ამავე ინფორმაციით, 13 იდენტიფიცირებული პირი კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომელთაგან 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენენებს კი – ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას გადაასვენებენ.
კონფლიქტის დროს დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდები თბილისის სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადეს. მოქალაქეებთან ერთად დაღუპულებს პატივი ასევე მიაგეს – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა; თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ; საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა; შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
მინისტრის აპარატის ცნობით, ამ დროისთვის, ერთობლივი მექანიზმით, 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაკარგული 583 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, მათგან 206 იდენტიფიცირებულია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)