23 მაისს თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან საქართველოს მთავრობის დიალოგის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამდენადაც პროტესტის მონაწილეებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია და პროტესტის ეპიცენტრის რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადმოტანა დააანონსეს.
გადაწყვეტილება მთავრობის მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა, თუმცა პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება, რასაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არ ეთანხმებიან. მთავრობის განცხადებით, პოლიცია „ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებით ბარიერებსა და სამართალდამცველების რაოდენობას შეამცირებს და საპროტესტო აქციის მონაწილეეებს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები პოლიციამ დაახლოებით 10 დღის წინ დაშალა.
ამავე განცხადებით, მთავრობის მოწვევით, სამოქალაქო საზოგადოებასთან მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩაერთვება, რომელიც ჰესის გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
ასევე, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის, პარალელურად კი – პროექტის სრულყოფის მიზნით, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათი მოთხოვნების უგულვებელყოფას განაგრძობს და კონსენსუსის მიღწევაზე უარს აცხადებს. „ეს განცხადება პირდაპირ ამბობს, რომ კაშხალი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – თქვა ადგილობრივი პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებელ კომპანიასთან აქციის მონაწილეებისგან „დამოუკიდებლად“, მათი ჩრთულობის გარეშე აქვს კომუნიკაცია.
„ნამახვანჰესის“ შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
- ნამახვანის აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან „დათმობითი სულისკვეთება“ გაჩნდა
- ნამახვანში აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ დაძაბულობა გაამწვავა
- საპატრიარქოს თქმით, ნამახვანის ხელშეკრულება კითხვებს აღძრავს
- პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ექვსი აქტივისტი დააკავა
- ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას სამუშაოების განახლებას დაძაბულობა მოჰყვა
- ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)