მარტვილში ბზობის დღესასწაული დაპირისპირებით დასრულდა
ბზობის დღესასწაულმა ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ადგილობრივი მრევლის ნაწილი და ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები ახალ მიტროპოლიტს, სტეფანეს დაუპირისპირდნენ. მედიის ცნობებით, ჩხუბში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, თუმცა ვიდეოჩანაწერებით დეტალების გარჩევა რთულია, რადგანაც მარტვილში ანაფორას როგორც მოქმედი, ისე მიტოპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილ-გათავისუფლებული მღვდელმსახურებიც ატარებენ.
სალხინოს დადიანების ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში მიტროპოლიტი სტეფანე უნდა მისულიყო, ახალი და ძველი მიტროპოლიტის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება პირველად ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. ამ უკანასკნელს მიტროპოლიტ სტეფანეს მოწინააღმდეგეები სალხინოს ეპარქიის კუთვნილი მიწების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ეკლესიის ახალ ხელმძღვანელობასთან კავშირში ადანაშაულებენ.
სალხინოს ეკლესიის მღვდელმა დანიელ გვილავამ, რომელსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ ცოტა ხნის წინ წირვის ჩატარების უფლება ჩამოართვა, განაცხადა, რომ „სოფლის მტერი” კეკუტია წინასწარ გააფრთხილეს სალხინოში არ ჩამოსულიყო. მისივე თქმით, მიტროპოლიტის ოპონენტები თავდაპირველად ეკლესიის აღდგომამდე დაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა ეპარქიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმდნენ, რომ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალხინოში წირვას გამართავდნენ. ამასთან, მისი თქმით, მიტროპოლიტ სტეფანეს დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად სალხინოში წირვის ჩატარებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
მედიის ინფორმაციით, სალხინოში ახალი მიტროპოლიტის მხარდასაჭერად, გარდა ადგილობრივებისა, მთელი ქვეყნიდან უამრავი ადამიანი, მათ შორის ულტრამემარჯვენეები გურამ ფალავანდიშვილი და ყოფილი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, იმყოფებოდა.
კიდევ ერთი დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მისვლას მოჰყვა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მეტროპოლიტის მიერ გათავისუფლებულ დიაკვანს, ანანია კალანდიას, სავარაუდოდ, ახალი მეტროპოლიტის მხარდამჭერები დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) დაიწყო. საბოლოოდ, მიტროპოლიტმა ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად შესვლა და ტაძრის დატოვება პოლიციის დახმარებით შეძლო.
დაძაბულობა მოულოდნელი არცერთი მხარისთვის არ ყოფილა. 25 აპრილს დილის საათებში საქართველოს საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა: „პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს“.
ამბის წინაისტორია
სალხინოს ეკლესიასა და ეპარქიის სხვა ადგილებში უკვე არაერთი დაპირისპირება მოხდა. ბოლოს მსგავსი ინციდენტი 22 აპრილს სალხინოში დაფიქსირდა, სადაც წირვის უფლებაშეჩერებულმა დანიელ გვილავამ მის შემცვლელს წირვის ჩატარების უფლება არ მისცა. ამ ინციდენტში ფიგურირებდა ბიზნესმენი კეკუტიაც.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა 2019 წელს გამწვავდა,რაც გადაყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს „პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი“ უწოდა. ცაავას ერთგული სასულიერო პირებიჯერ დროებით დანიშნულ მიტროპოლიტ გრიგოლს, ხოლო მოგვიანებით მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელს ჭყონდიდელობა საპატრიარქომ თებერვალში ჩააბარა. მას შემდეგ მიტროპოლიტმა სტეფანემ ოცამდე სასულიერო პირი, რომელიიც მას არ ემორჩილებოდა, ან გადააყენა, ან უფლებამოსილება შეუჩერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)