პოლიტიკოსები ეხმიანებიან თალაკვაძის გადადგომას და პარლამენტის სპიკერად კუჭავას წარდგენას
არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში თავისი მონაწილეობა დაასახელა. მისი თქმით, პარლამენტის სპიკერად ქართული ოცნება კახა კუჭავას წარადგენს, რომელიც „პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“.
ქვემოთ მოცემული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარები ამ თემაზე:
მმართველი პარტიის განცხადებები
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე: „გასული თვეების [განმავლობაში] ის [თალაკვაძე] იყო აქტიურად ჩართული მოლაპარაკების პროცესში, შესაბამისად იყო წარმოდგენილი ამ პროცესში როგორც მხარე. რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლდათ, რომ მისი ეს აქტიური ჩართულობა, როგორც მხარისა ამ პროცესში, იყო გარკვეულწილად გარკვეული გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის განხორციელებისთვის… კახას [კუჭავას] აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები“.
გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „[თალაკვაძეს] ის შლეიფი მოჰყვება, როდესაც ხისტი ქართული ოცნების პოზიციით გამოდიოდა და ბოლოს კიდევ როგორც მხარემ ხელი მოაწერა [შეთანხმებას]. რასაკვირველია, ამას გაცილებით უფრო ნეიტრალური პოზიცია სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, კახა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია ნეიტრალური… უფრო გამაერთიანებლის ფუნქცია უკეთ შეუძლია შეასრულოს“.
ოპოზიციის განცხადებები
სალომე სამადაშვილი, დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიიდან: „მე ვფიქრობ, რომ თალაკვაძის გადადგომა არის დაკავშირებული სწორედ იმ შეთანხმებასთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ… ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ცდილობს, რომ გააკეთოს ამ დოკუმენტის დისკრედიტაცია, დააკნინოს მისი მნიშვნელობა, რომ ეს იყო უზარმაზარი გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს იყო იმხელა დარტყმა ქართული ოცნებისთვის, რომ დიახ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შესაბამისად რაღაცა ნაბიჯები გადაედგათ“.
გიორგი ვაშაძე, დეპუტატი სტრატეგია აღმაშენებლიდან: „თალაკვაძის გადადგომა ცალსახად ნიშნავს, რომ ქართული ოცნება თავს [მიიჩნევს] დამარცხებულად ამ მოლაპარაკებებში და საკუთარი ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი უბრალოდ დასაჯა ამისათვის… თალაკვაძე ამ პროცესში იყო გაცილებით უფრო შეთანხმებაზე ორიენტირებული, ვიდრე კობახიძე, ეს არის სიმართლე და რეალობა … კახა კუჭავას მოუწევს ჩააბაროს ტესტი იმის, თუ ის იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ობიექტურად გაიზიარებს ყველა ვალდებულებას, თუ დაიწყებს საუბარს – იცი რა, მე არ ვიყავი და ამიტომ სხვანაირად ვხედავ“.
აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველო: „თალაკვაძის წასვლა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც შესულია ქართული ოცნება, ქართული ოცნების რღვევა დაწყებულია, როგორც თვალისთვის უხილავი, ისე ხილული პროცესებითაც… ნებისმიერი მსგავსი პროცესი, მეტყველებს რომ ქვეყანაში კრიზისია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)