ერგნეთში IPRM-ის 99-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 27 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ერგნეთის შეხვედრების ფასილიტატორია, განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ყურადღება სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის საკითხებზე გამახვილდა – მათ შორის, ადმინისტრაციურ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციის“ პროცესებზე, მოქალაქეთა დაკავებების შემთხვევებსა და COVID-19 პანდემიის ფართო შედეგებზე“.
შეხვედრის ფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერმა გადაადგილების თავისუფლებასთან და პანდემიის სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცვლილებები აღნიშნეს. მათ ორივე მხარეს მოუწოდეს კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფითი ზემოქმედებით და გამშვები პუნქტების ჩაკეტვით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისმა „მკაცრად“ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, „უპირობოდ” გათავისუფლება. „ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა“, აღნიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, რომ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრები დაიგეგმა, რათა უსაფრთხოების გარემო მაქსიმალურად დაცული იყოს და სარწყავი არხები, რომელიც „უდიდესი პრობლემაა რეგიონისთვის“, მოწესრიგდეს.
ოსური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა თბილისი „საჰაერო სივრცის” დრონების გამოყენებით დარღვევაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ქართველი პოლიციელები „პროვოკაციის“ პრევენციისთვის არაფერს აკეთებენ. კოჩიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, დრონებს მოქალაქეები იყენებდნენ, ხოლო პოლიციის თანამშრომლები გაშვების ადგილზე იმყოფებოდნენ.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 14 ივნისის კვირაში დაიგეგმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ერგნეთში IPRM-ის 98-ე შეხვედრა გაიმართა
- თბილისმა ცხინვალთან შეთანხმების შემდეგ, სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)