ვენეციის კომისია სასამართლოებზე კანონში ცვლილებებს მიესალმება და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს
28 აპრილის ანგარიშში ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ცვლილებების მიღებას მიესალმა, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რიგი რეკომენდაციები კვლავ გასათვალისწინებელი რჩება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს“. იუსტიციის საბჭოს წევრის ვინაობა და მის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის „კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების“ კრიტერიუმებით შეფასება საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. ამას გარდა, კანონმდებლობა საბჭოს წევრთა შესაბამისი გადაწყვეტილებების გასაჩივრების საშუალებას იძლევა.
ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ეს დებულებები მის წინა რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია და დასძინა, რომ „გამჭირვალობის დონე შემოთავაზებულ გასაჩივრების პროცესთან ერთად დადებით შედეგს მოიტანს“.
კომისიამ სხვა მოსაგვარებელ საკითხებსაც გაუსვა ხაზი. მათ შორის მოხვდა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით მიმდინარე კონკურსის განახლების საჭიროება, რადგანაც თავდაპირველი ინტერვიუები ძველი წესებით ჩატარდა, ხოლო ახალი კანონები მომდევნო ინტერვიუებზე გავრცელდება. „ამას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან ის კანდიდატებთან მიმართებაში თანაბარი მოპყრობის თაობაზე მნიშვნელოვან წუხილებს წარმოშობს“, – აცხადებს ვენეციის კომისია.
ამასთანავე, კომისიის რეკომენდაციით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდება, დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ვენეციის კომისიას სასწრაფო დასკვნის მოსამზადებლად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 8 აპრილს მიმართა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის „სახელდახელოდ შემუშავებული და მიღებული“ საკანონმდებლო ცვლილებები დაიწუნა. მაშინ საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა“ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესების შესახებ ვენეციის კომისიისათვის დასკვნის თხოვნა და მისი გათვალისწინება იქნება.
ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის მიღებამდე განაცხადეს, რომ ცვლილებები „ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულად მოწყვეტილია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)