საქართველოს პირველმა პირებმა თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე აღნიშნეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ქვეყნის თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება 29 აპრილს თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი“. „დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უცვლელი რჩება საქართველოს მთავარი მიზნები, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების როლს და აღნიშნა, რომ „ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია“. მისი თქმით, 30 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა, როგორც „თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა“.
„პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების ნდობა და „ყველას ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენი ჯარი, ყოველთვის მზადაა ღირსეულად დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)