პარლამენტმა პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელი გაამკაცრა
საქართველოს პარლამენტმა 29 აპრილს მესამე მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ქმედებების განმეორებითი ჩადენისთვის ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ზრდას ითვალისწინებს. სასჯელის გამკაცრებას მხარი 72 დეპუტატმა დაუჭირა, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას კი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა.
მმართველი პარტიის მიერ 26 აპრილს წადგენილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 12 საათიდან 48 საათამდე იზრდება; წვრილმანი ხულიგნობის ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით (ნაცვლად მანამდე არსებული 500-1000 ლარისა) ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის პირი 2 000 ლარამდე დაჯარიმდება (ნაცვლად 1 000 ლარისა), ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენას 3 500 – 4 500 ლარიანი ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვება. ცვლილებებით მოსამართლეებს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სანაცვლოდ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა ეზღუდებათ.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ცვლილებების საჭიროება ადმინისტრაციული დანაშაულის შემთხვევების ზრდით ახსნეს და აღნიშნეს, რომ ისინი მომავალი დარღვევების აღსაკვეთად ეფექტური ზომების შემოღებას დაეხმარება.
ოპოზიციის რეაგირება
დღევანდელ პლენარულ სხდომამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები „ეწინააღმდეგება, ერთის მხრივ, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს, ასევე ეწინააღმდეგება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკავშირის მედიაციით“. მან კენჭისყრის გადადებისა და ოპოზიციის ჩართულობით საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.
პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები იმ მოქალაქეების პროტესტის უფლების წართმევის მცდელობაა, რომლებიც ამჟამინდელი მმართველობით უკმაყოფილოები არიან და დასძინა, რომ ადმინისტრაციული დანაშაულების ზრდა სწორედ საზოგადოების ლეგიტიმურ უკმაყოფილებას უკავშირდება. მან იქვე აღნიშნა, რომ ამ ადამიანების დაშინება გაზრდილი ჯარიმებით ან დაპატიმრებით შეუძლებელია.
არასამთავრობოები: ცვლილებები საფრთხეს უქმნის თავისუფალ პოლიტიკურ გამოხატვას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 27 აპრილს განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული „რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე“. საიას თქმით, დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა ართულებს ან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ჩართულობას.
კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 28 აპრილს განაცხადა , რომ ცვლილებები „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“. მან ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მტკიცების სტანდარტების დარღვევით, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღება. „აღნიშნული კი აბსოლუტურად გამორიცხავს და უგულებელყოფს დაცვის მხარის უფლებას სამართლიან სასამართლოზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.
იმის ხაზგასმით, რომ პრაქტიკაში სანქციები ყველაზე ხშირად შეკრებების და მანიფესტაციების დროს გამოიყენება, ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები „კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)