პირველ მაისობა და რეაქციის სუსხი საბჭოთა საქართველოში
ჟურნ, თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2
საქართველოს ამბები
პირველ მაისობა.
ქუთაისში პირველ მაისის წინა დღით შეაგდეს ყუმბარა რევკომის და ჩეკას ბინაში. რასაკვირველია არავინ დაშავებულა. მაგრამ მაშინვე დაიგზავნა დეპეშები ყველგან, რომ მენშევიკებს უნდოდათ საშა გეგეჭკორის მოკვლაო და დაიწყო მათი დაჭერა.
ხონში, როგორც მითხრეს, დეპეშა დილის 10 საათზე მიიღეს, მაშინ როდესაც ყუმბარების 12 საათზე გაისროლეს. აშკარაა ეს პროვოკაცია იყო. დაჭერილია თითქმის ყველა მენშევიკების მეთაურები, როგორც ქალაქებში ისე სოფლად. დაიჭირეს ზოგიერთგან ნაციონალ-დემოკრატებიც, განსაკუთრებით ზემო იმერეთში და სამეგრელოში.
მიუხედავათ მიღებულ რეპრესიებისა პირველი მაისობა მკრთალათ ჩატარდა. არსად საკმაო ხალხი არ დაესწრო კომუნისტების დღესასწაულს. ქუთაისში ბავშვებმაც კი უარი სთქვეს ქუჩაში გამოსვლაზე, რის გამო დაიჭირეს სასწავლებლების დირექტორები და ზოგი მასწავლებელთაგანი. აქ საწინააღმდეგო დემონსტრაციასაც ქონდა ადგილი, როცა დაჭერილები ჩაატარეს ბულვართან. დაჭერილებს დეედევნა ზღვა ხალხი, „ვაშას“ ძახილით. ქალები და ბავშვები ყვავილებს ესროდენ და ამხნევებდენ მათ.
სოფლებში ხომ სულაც სასაცილო მდგომარეობაში იყვნენ კომუნისტები. ხალხი არსად არ დაესწრო მათ კრებებს, რის გამო მათ კიდევ დაიჭირეს ზოგ-ზოგი გავლენიანი პირები.
თფილისში პირველი მაისი დიდი ზეიმით გადიხადეს თვით კომუნისტებმა, ბაირაღებით, შემკული დროშებით, ავტომობილებით და სხვა. მაგრამ ამის მონაწილე იყვნენ რუსი ჩინოვნიკები, მოხელეები, რომელთაც ნაბრძანები ქონდათ დასწრება, და სპეკულიანტები. მუშათა პროფესიებიდან დაესწრნენ მხოლოდ მათი დანიშნული აგენტები და თითო-ოროლა ცნობის მოყვარენი.
უმთავრესი მიზეზი დაუსწრებლობის ისაა, რომ კომუნისტების პირველ მაისობა რევოლუციურ დემოკრატიას არ სწამს და მათგან ამ დღის დღესასწაულობა მუშათა დიადი ტრადიციის შელახვათ მიაჩნია. ამიტომ იგი გაურბის მას და როგორც თვითმპყრობელობის დროს, დღესასწაულობს ვიწრო წრეში ქალაქ გარეთ, ძმათა სასაფლაოზე, ან ტყეში. მაგრამ„ჩეკა“ ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ აქაც მათთვის ხელი შეეშალა, შეკრებილებს ფანტავდა მისი რაზმები და მილიციელები.