საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ 18 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით 30 სამედიცინო პუნქტია მოწყობილი, ხვალისთვის მათ კიდევ 44 დაემატება.
„სინოფარმი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო რიგით მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემდეგ შემოვიდა. არსებული მდგომარეობით, ეს უკანასკნელები მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და 55 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი იყო, რომელიც დღეს დილით „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა.
თავდაპირველად, საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „სინოფარმით“ იმუნიზაცია მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-ს საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ქვეყნის იმუნიზაციის საბჭომ პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 78.1%-ია, რაც თავად ჩინური კომპანიის შეფასების მაჩვენებელთან (79%) ახლოსაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფი „თითქმის დარწმუნებულია, რომ მოზრდილებში „სინოფარმის“ ერთი ან ორი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი დაბალია“, რაც ჩინური წარმოების ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შანსებს ზრდის.
საქართველოში 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 აპრილს საქართველოში ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად 17 613 ადამიანი დარეგისტრირდა.
ამასთან, 30 აპრილს საქართველომ ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით „სინოვაკის“ („კორონავაკი“) ვაქცინის 100 000 დოზაც მიიღო. მასზე რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანაში ბრიტანულ-შვედური ვაქცინა „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა, 25 მარტს საქართველომ „ფაიზერის“ 29 250 დოზაც მიიღო.
საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე ქვეყნის საერთო მოსახლეობის (3.7 მლნ) 60%-ის აცრას გეგმავს, თუმცა ვაქცინაციის დაწყებიდან ექვსი კვირის თავზე, ჯერ მხოლოდ 45 344 მოქალაქეა აცრილი, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.2%-ია.
4 მაისის მდგომარეობით, საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდ-19-ის 788 ახალი შემხვევა გამოვლინდა, 1 206 გამოჯანმრთელდა, 20 გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 313 742-ს შეადგენს, მათგან 295 458 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 4 183 გარდაიცვალა, აქტიური შემთხვევები კი – 14 075-ის ტოლია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)