ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა უთანხმოება გამოიწვია
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმებაში ამნისტიის პუნქტთან დაკავშირებული უთანხმოება კვლავ გრძელდება იმ ფონზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების ამნისტიას ითვალისწინებს.
ამნისტია ვრცელდება ყველა ტიპის დანაშაულის ჩადენაზე, დაგეგმვასა და მცდელობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, წამებას, წამების მუქარას ან არაადამიანურ მოპყრობას. ის ასევე გავრცელდება დასრულებულ, მიმდინარე თუ მომავალ გამოძიებებზე. კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება ექნება, უარი თქვას ამნისტიაზე. ამგვარი დათქმის სამიზნე, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაა, რომელიც ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.
არასამთავრობოების და ოპოზიციის რეაგირება
კანონპროექტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ 5 მაისს განაცხადა, რომ „სახელმწიფოს წარმომადგენელთა ამნისტიით პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელისგან ახლა ან მომავალში გათავისუფლება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს არსს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას“.
ორგანიზაციის თქმით, მსგავს ქმედებაში ვლინდება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნება „პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინოს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სათანადო რეაგირების მიღმა დატოვოს მათ მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განზრახ უხეში დარღვევის ფაქტები“.
კანონპროექტი გააკრიტიკა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და აღნიშნა, რომ პარლამენტი ამნისტიას აცხადებს „ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე, მათ შორის შესაძლო სამოხელეო დანაშაულებზე“. ორგანიზაციის თქმით, პოლიციის დარბევის დროს დაზარალებული ათეულობით დემონსტრანტის და ჟურნალისტის შემთხვევები დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული. ამიტომ, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლო დამნაშავეთა ამნისტიით გათავისუფლება კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს და დასძენს, რომ „შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტი მინიმალურადაც არ ითვალისწინებს ამ მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს და მთლიანად გამორიცხავს მათი თანხმობის საჭიროებას ამნისტიის პროცესიდან“.
იმავდროულად, ოპოზიციამ კანონპროექტის ის პუნქტი გააკრიტიკა, რომელიც პირებს ამნისტიაზე უარის თქმის უფლებას აძლევს. მათი განცხადებით, ამგვარი ჩანაწერის სამიზნე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელიაა. ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ამ პუნქტის მიზანია პატიმრობაში დატოვონ ის პირები, მათ შორის, მელია, რომლებიც ამნისტიას ეწინააღმდეგებიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეუძლებელია ძალით შეიწყალო ის პირი, რომელიც ამის წინააღმდეგია. მისი თქმით, კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმების სრული დაცვით შემუშავდა.
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაშია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ხელი შეუშალოს შეთანხმების განხორციელებას.
ოპოზიციის დეპუტატებმა, რომელთაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ, ამნისტიის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირეს, თუმცა დოკუმენტი ამ ეტაპზე საჯარო არ არის.
ასევე წაიკითხეთ:
- მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაითხოვენ
- კომპრომისული შეთანხმების ამნისტიის პუნქტმა უთანხმოება გამოიწვია
- 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)