„დიდებული რომანის“ დასასრული

ალექსანდრე მიქაბერიძე ისტორიის პროფესორია ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის კალამს ეკუთვნის 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემლობაში დაბეჭდილი წიგნი “ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია” – The Napoleonic Wars: A Global History და მრავალი სხვა ნაშრომი, როგორც ნაპოლეონის, ისე ზოგადად სამხედრო, მათ შორის ქართულ სამხედრო ისტორიაზეც. ქართულად კი სულ ახლახანს, გამომცემლობა “არტანუჯმა” დასტამბა ალექსანდრეს წიგნი “ნაპოლეონი: 51 კითხვა-პასუხი“.


ორასი წლის წინ, 1821 წლის 5 მაისს, 17:49 საათზე, წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა ფრანგთა იმპერატორი ნაპოლეონი. „გენიოსი მეტეორის მსგავსად უნდა დაიწვას, რათა თავის საუკუნეს მოჰფინოს ნათელი,“ ეს სიტყვები ნაპოლეონმა ლიონში, 1800 წელს წარმოთქვა. ცოტა მოგვიანებით, თავის სიძესთან მიწერილ წერილში, იგი აღნიშნავს, „ამქვეყნად ყველაფერი მალევე მიეცემა დავიწყებას, გარდა იმ კვალისა, რომელსაც ჩვენ ისტორიას დავამჩნევთ.“ ნაპოლეონმა კი მართლაც დიდი კვალი დატოვა – ვრცელი, ღრმა და რთული. ხელმოკლე კორსიკელი აზნაურის შვილი თითქმის 15 წელი ზეობდა ევროპაში სანამ დამარცხდებოდა – ევროპის გაერთიანებულ ძალებთან ჭიდილში.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ნაპოლეონის გარდაცვალების ორას წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთში მიმდინარე მწვავე დებატები.

რა ვქნათ, აღვნიშნოთ თუ არა? როგორ ან რატომ? კი მაგრამ, ისტორიული გმირია თუ ბოროტმოქმედი? ტანმორჩილი არამზადა და დიქტატორი, თუ რევოლუციის გადამრჩენელი? მეტეორი თუ წამიერი გაელვება? რა სინათლე მოჰფინა მან მომდევნო საუკუნეებს?

მისი გარდაცვალებიდან ორასი წლისთავზე ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, სრულად გავიაზროთ მისი დანატოვარი, თავი დავაღწიოთ მის მომაჯადოებელ ლეგენდას.

 ისტორიკოსი ტომას ნიპერდეი თავის ცნობილ წიგნს, გერმანიის XIX საუკუნის ისტორიის შესახება შემდეგი სიტყვებით იწყებს – „ხოლო უპირველესად, იყო ნაპოლეონი…“

 ეს ფრაზა ზუსტად ესიტყვება თანამედროვე ევროპის ისტორიაში ნაპოლეონის როლსა და ადგილს. ნაპოლეონი ხშირად მხოლოდ სამხედრო მოღვაწედ აღიქმება, მაგრამ მისი ცხოვრება და კარიერა მხოლოდ სამხედრო ჭრილში არ უნდა განვიხილოთ.

აუსტერლიცთან, იენასთან, ფრიდლანდთან ბრძოლებისა და სხვა ბრწყინვალე გამარჯვებათა შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება წამოეწყო ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნა, რომლის შედეგებსაც დღემდე ვგრძნობთ. მეტიც, ჩემს უკანასკნელ ნაშრომს თუ დაეჯერება რამე, ნაპოლეონის ზეგავლენა გლობალური მასშტაბისაა, ვინაიდან სწორედ მის პერიოდში და მისი ზეგავლენით მოხდა დიდი ცვლილებები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

„დიდებას აქვს თავისი სილამაზე, მაგრამ მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან და ხალხის წარმოსახვაში,“ აღნიშნა ნაპოლეონმა ერთ-ერთ თავის წერილში.

 ეს შენიშვნა გარკვეულწილად პასუხობს შეკითხვას, თუ რატომ აღიარა ევროპამ, წლების შემდეგ, ნაპოლეონი გმირად, თუკი 1815 წელს, ამ „კორსიკელი კაციჭამიას“ დამარცხებით შვებით ამოისუნთქა.

ნაპოლეონი ჯერ კიდევ წმინდა ელენეს კუნძულზე იყო, როდესაც ხალხის წარმოსახვაში მისი ზეობის ხანა შეიმოსა რომანტიკული ბურუსითა და ლეგენდებით.

„დღეს მოდაშია ბონაპარტის გამარჯვებების განდიდება“, სინანულით აღნიშნავს გამოჩენილი ფრანგი მწერალი ფრანსუა-რენე. „ვიღას ახსოვს დატანჯულები, ვიღას ესმის [ნაპოლეონის] მსხვერპლთა წყევლა, მათი ვაება და გოდება… ვიღას ახსოვს მშობლების დაპატიმრება, რათა მათი შვილები გაიწვიონ ჯარში, ან მთელი სოფლების დასჯა, ერთი გაწვეულის დეზერტირობისათვის…“ მხოლოდ ქუჩაში დასახიჩრებული ვეტერანებისა და შაოსანი ქვრივების ნახვა თუ შეახსენებდათ თანამედროვეებს ნაპოლეონის ომების მძიმე დაღს. მაგრამ დრომ ეს კვალიც ხომ მალე წაშალა. ომის დასრულებიდან მეშვიდე წლისთავზე ჰაინრიხ ჰაინე უკვე წერდა:

რომელი შვილი, რომელი ცოლი! 
დე, იმათხოვრონ! რა დროს შვილია!
მე სხვა დარდი მაქვს: ღმერთების სწორი
იმპერატორი შეპყრობილია!

ამავე დროს, შორეულ საქართველოში, ნიკოლოზ ბარათაშვილი ქმნის ნაპოლეონის რომანტიკულ პორტრეტს, აღნიშნავს რომ „ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!“ და დამქრალ ცეცხლსა და ზღვის ღელვას ადარებს ნაპოლეონის „ცეცხლსა სულსა“ და „ზღვა გულსა განსაკვირველებს“.

პოეტის ბევრი თანამედროვესათვის, ნაპოლეონი რევოლუციის სიმბოლო გახდა, სიმბოლო იმ გარდაქმნებისა რომლებმაც მოძველებული სისტემა დაანგრიეს, დრომოჭმულ ტრადიციებს მოუღეს ბოლო და  ახალ ევროპას ჩაუყარეს საფუძველი.

ბარონი დე ნორვინი, რომლის წიგნმა, „ნაპოლეონის ისტორია“, დიდი წვლილი შეიტანა ნაპოლეონის ლეგენდის შექმნაში, ირწმუნებოდა, რომ ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ მის საბუთებს შორის აღმოჩნდა იმპერატორის ხელით დაწერილი პატარა ლექსი, რომლის პირველი სტრიქონები იყო, ”როგორც ახალი პრომეთე, მე კლდეზე ვარ მიჯაჭვული, რომ არწივმა დამგლიჯოს. დიახ, სწორედ მე მოვიპარე ის ზეციური ცეცხლი და მივეცი საჩუქრად საფრანგეთს.”

ამაოდ მიუთითებდნენ რომ ნაპოლეონს ეს სიტყვები არ დაუწერია და რომ ეს უბრალოდ „ფეიკ ნიუსია“. ნაპოლეონისშემდგომ საფრანგეთში (და ზოგადად ევროპაში) მწარე ისტორიულ რეალობას ბევრს სწორედ ეს პირველქმნილი „პოსტ-სიმართლე“ ერჩივნა.

უშუალოდ განცდილი ისტორია ხშირად სავსებით განსხვავდება მომავლის გადასახედიდან აღქმულისაგან. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლთან მჯდომი და შვილიშვილებით გარშემორტყმული ნაპოლეონის არმიის ვეტერანი ჯარისკაცი ალბათ სულ სხვანაირად იხსენებდა რუსეთიდან უკან დახევისას ან ესპანეთში ომის დროს თავს დამტყდარ მწარე გამოცდილებებს. როგორი საშინელი და რთული არ უნდა ყოფილიყო მისთვის ის ისტორიული რეალობა, განვლილი დროის შემდეგ, ყოველივე ტკბილად მოსაგონარი ხდებოდა და ცხოვრების საუკეთესო წლებად მიაჩნდა.

მერე რა რომ საფრანგეთი საბოლოოდ დამარცხდა? ნაპოლეონის თქმისა არ იყოს, უმჯობესი იყო დიდება მოგეხვეჭა და შემდეგ დამარცხებულიყავი ბრძოლაში, ვიდრე არასოდეს განგეცადა დიდების მწვერვალზე ყოფნა. უფრო მეტიც, იმპერატორის დამარცხების შემდეგ სწორედ ამ დიდებისაკენ ლტოლვა იქნება ბევრი ფრანგისთვის მწარე რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება… „დავუბრუნოთ საფრანგეთს დიდება!“

გუშინ ინტერვიუს აღემისას მკითხეს, შემეცვალა თუ არა შეხედულებები ნაპოლეონზე ამ ოცი-წლიანი კვლევითი საქმინობის შემდეგ. შერჩა კი რაიმე იმ თავდაპირველი ქარიზმიდან?

მართალია ჩემი ახალგაზრდობის დაუოკებელი აღტაცება უკვე დიდი ხანია გაქრა, მაგრამ მაინც გაოცებით შევყურებ ამ ადამიანს, მის ნიჭს, მისი ჩანაფიქრების მასშტაბს და გაქანებას. შეუძლებელია გაიცნო იგი და არ დარჩე აღტაცებული მისი პიროვნების ბევრი თვისებით, ისევე როგორც შეუძლებელია, არ შეგძრას მისი ხასიათის ბნელმა მხარეებმა. არაერთხელ დამიწერია რომ ეს იყო პიროვნება, რომლის ნიჭი უდავოა, მაგრამ რომლის  როლი და ადგილი ისტორიაში შუქ-ჩრდილების შეფასებას მოითხოვს და არა ზერელე შავ-თეთრ აღქმას, რომელიც მისგან ან გმირს ხატავს, ან ბოროტმოქმედს გმობს.

„მთელი მსოფლიო თეატრია,“ აღნიშნა შექსპირმა. ამ წლების განმავლობაში შევძელი ნაპოლეონისეული თეატრის ფარდის უკან შემეხედა და მეხილა მისი ეპოქის რთული, მწარე, ხშირ შემთხვევაში მახინჯი რეალობა.

…და მაინც, საფრანგეთში ყოველ ჩასვლაზე ამ კაცის საფლავთან მივდივარ და ყოველ მისვლაზე რაღაც უცნაური ემოცია მეუფლება… ამდენად მომნუსხავი და დაუძლეველია მისი ლეგენდის ძალა…

“რა დიდებული რომანია ჩემი ცხოვრება,“ აღნიშნა ერთხელ ნაპოლეონმა. მართლაც რომ…