ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გერმანიას სტუმრობს
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბერლინს სტუმრობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
5 მაისიდან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა გერმანიის ოფიციალურ პირებთან რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის, შეხვდნენ – გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, მიგელ ბერგერს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როტგენს და სპიკერს როდრიხ კიზერეტერს.
6 მაისს სახელმწიფო მდივანმა მიგელ ბერგერმა განაცხადა, რომ ქართულ დელეგაციასთან „საქართველოს შიდა კონფლიქტზე“, ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. „ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობა და გადაუდებელი რეფორმები განხორციელდეს“, – დასძინა მან.
პარლამენტის პრესსამსახურის 7 მაისის ცნობით, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამავე ინფორმაციით, ნორბერტ როდგენმა აღნიშნა, რომ „საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბოლო ათწლეულია ურყევად აგრძელებს დასავლურ კურსს და არის მისი პრინციპების ერთგული“.
ამასთანავე, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.
ქართველმა დეპუტატებმა მედიასთან საუბარში ვიზიტი ზოგადად შეაჯამეს. „საუბარი შეეხო როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს და გვქონდა ძალიან საინტერესო გაცვლა მოსაზრებების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „სულისკვეთება შეხვედრებზე არის ისეთი, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მეტს ევროკავშირისგან, ანუ მეტ ევროკავშირს საქართველოში“, მეტ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის, ასევე „უფრო ფართო ენერგეტიკულ და დიგიტალურ კავშირებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა
- აშშ-ში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან კომპრომისზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)