პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ნაჩქარევ“ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ სადავო ცვლილებების ნაჩქარევი მიღება, მაგრამ აღნიშნა, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, თუმცა არც 19 პრილის შეთანხმების „სულისკვეთებას“ შეესაბამება.

პრეზიდენტის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, „შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული“, რადგანაც საზოგადოება პარლამენტისგან ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას, ასევე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას ელოდება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისეთ საკითხებზე ოპოზიციასთან დასაზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცველ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, „ყველასათვის დამაზიანებელია“ და „უნდობლობას ბადებს“.

„ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს, სწორედ ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და მომავალში მსგავსი მოცემულობის დროს არც ვეტოს გამოყენება გამორიცხა.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას წინ მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან შეხვედრები უძღვოდა. 5 მაისს პრეზიდენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს; რესპუბლიკური პარტიის წევრს, ხათუნა სამნიძეს; ლელოს წარმომადგენელს, დავით უსუფაშვილს; სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს; მოქალაქეების ლევან იოსელიანს და ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის დეპუტატს, იაგო ხვიჩიას შეხვდა. დღეს პრეზიდენტმა შეხვდრები გამართა ქართული ოცნების დეპუტატებთან – მამუკა მდინარაძესთან და მიხეილ სარჯველაძესთან. დღესვე პრეზიდენტი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

ამბის წინაისტორია

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ქმედებების განმეორებითი ჩადენისთვის ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ზრდას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით 29 აპრილს მიიღო. მმართველი პარტიის დეპუტატებმა ცვლილებების საჭიროება ადმინისტრაციული დანაშაულის შემთხვევების ზრდით ახსნეს და აღნიშნეს, რომ ისინი მომავალი დარღვევების აღსაკვეთად ეფექტური ზომების შემოღებას დაეხმარება.

ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები „ეწინააღმდეგება,გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს“, ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები იმ მოქალაქეების პროტესტის უფლების წართმევის მცდელობაა, რომლებიც ამჟამინდელი მმართველობით უკმაყოფილოები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ კოდექსით გათვალისწინებული „რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე“. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“.

მოგვიანებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“ და დასძინა, რომ „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)