9 ივნისი, 1921: სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ემიგრაციაში მყოფ თანაპარტიელებს
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 11.
მოგიძღვნით, ლტოლვილნო, უშველებელ მოკითხვას მთელი საქართველოს რესპუბლიკის სახელით (გამოკლებით რასაკვირველია, მთელი ჩვენი [კომუნისტებთან] შეხმატკბილებული ოპოზიციისა). როგორ ხართ? ან როდის აპირებთ ღვთის ანაბარათ მიტოვებულ სამშობლოში დაბრუნებას – შუა ზაფხულამდე თუ … ზაფხულის გატარებას ბოლომდე მანდ ფიქრობთ. ხალხი მოუთმენლად მოგელით და მეშინია, ლოდინში მოთმინება არ დაკარგოს. მოგელით ბევრი იმათგანიც კი, რომლენიც წასვლისას „წინ წყალი უკან მეწყერს“ გაყოლებდათ. მოგელით ქართველ კომუნისტთა რიგებიდანაც. კი, ასე განსაჯეთ, არ მოგელით, ჯერ-ჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ქართველებიდან: ყაჩაღები, ქურდ ბაცაცები, პლუტ-გაიძვერები, სპეკულიანტები და ძმანი მათნი. ისინი მოკალათებულნი არიან და ამ უჭმელობის დროს ჭამენ.
არ მოგელიან… ყველანი, ვინც კარგათ არ იცნობენ ჩვენს მონაზონთა ქრისტიანობას [კომუნისტებს]… დიახ მოხვალთ და მალეც მოხვალთ, ეს ყველას სჯერა, სჯერათ ისიც (გარდა თომებისა, ასეთები არიან ჩვენს წრეშიაც), რომ როცა მოხვალთ, თან მოიტანთ იქაურ, ევროპიულ შნოს. თქვენ უნარიც გაქვთ და დროც ჩვენს წარსულს გადაავლოთ თვალი. იქიდან, შორიდან უკეთ დაინახავთ სიმრუდეს, რაც თან სდევს ჩვენ შემოქმედებას, მუშაობას, ახალ გზას ალბათ, ჩვენ ვერ გამოვნახავთ უკეთეს. ის სწორი გზა იყო, მარა ეტლი არ გვივარგოდა, მძიმე და ბენძღი იყო და მისი უდიერი უღლის გაწევა დღეს უფრო გაუჭირდება ჩვენს ხალხს. ასე ფიქრობენ დღეს აქ ყველანი ჩვენი მოყვარენი.
ვფიქრობ, ვერ შევძელით ის, რაც შეგვეძლო (საერთოდ კი ვერ შევძლებთ, თუ… ნამეტანი მძიმე ყოფილა ეს ტვირთი, ცოტა იგი კია საჭირო – მაინდი) თქვენც იქ რა თქმა უნდა, უკეთ გრძნობთ და ფიქრობთ და რაც მოსატანია, მოიტანთ, მაშ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაი და კეთილი ძღვენით…
ჩვენ იმედია გვიკითხავთ, კარგად ვართ, რეაქცია, როგორც მოგეხსენებათ დასვენ-მოსვენების ხანაა, ის ასუქებს ხორცს, გვასუქებს მჭლექიანი, ეს ფარაონის მჭლე ძროხის ბევრად უფრო მჭლე, რეაქციაც კი.
„სმენა, სრული სიჩუმე, არ დაიძრათ“ – აი მოკლეთ დღევანდელი რეაქციის დახასიათება. ჩვენ გაჩუმებულები ვართ აბსოლუტურათ. უძრავათ ვართ აგრეთვე აბსოლიტურათ. ხანდის ხან, თუ საიდანმე და როგორმე რაიმე ჩაგვივარდა პირში, ეს უბედური ყბა ისე ინსტიქტურათ ამოძრავდება, და აი ესეთ „ფორმიულარი სიაში“ გვეწერება: გვიჭერენ და გვაგზავნიან იქ, სადაც ამ ურჩ ორგანოსაც არავითარი ასამოძრავებელი სტიმული არა აქვს. ასე ვართ, მარა მაინც რო კარგადა ვართ. ყველაფერი ეს წუთიერია, წარმავალი და ჭკუის სასწავლია. ყველანი ასე ფიქრობენ – ფიქრობენ და მხოლოდ იმ ერთ ორგანოს ამოძრავებენ – იცოხნიან, ვინც საცოხნს იპოვის (ხაზარულას თესლი, თქვენ მიერ მოგროვილი – აი საცოხნი ჯერ კიდევ არ გამოლეულა).
გწერთ ამ არა საიტერესო წვრილმანებს, ვინაიდან ამ წერილის მიღებამდის (თუ მიიღეთ), ყველაფერს დაწვრილებით გაიგებთ წამოსულის პირით – გაიგებთ მაისის ბოლომდის. მას შემდეგ საყურადღებო არაფერი მომხდარა. ერთი კია – ჩვენ თეთრგვარდიელთ – პატიმრებს თან-და-თან ათავისუფლებენ, არ ვიცით რით არის ეს გამოწვეული – დაკავშირებულია რომელიმე არსებულ, თუ მოსალოდნელ პოლიტიკურ აკტთან, თუ … გათავისუფლება ისეთივე ნაყოფია თვითნებობის, როგორც დაჭერა – სრულიად უმიზეზთ – „გიჭერთ, იმიტომ, რომ აკი თქვენც გვიჭერდით“-ო [1918-1921 წლებში ათასზე მეტი კომუნისტი დააკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. გარდა ამისა ჩვენი სიჩუმეც აშინებს მათ. მეხი – შეიარაღებული აჯანყება ელანდებათ. არ იციან ამ ჩვენ სიმუნჯეს და სიყრუეს რით და როგორ უპასუხონ. ზოგი მათგანი ამბობენ მომხრეა ჩვენი „გალეგალობის“. მარა როგორ გადადგან ეგ კაი ნაბიჯი ისე, რომ ცუდი შედეგი არ მოყვეს, როგორ აძოვონ ერთად მგელი და კრავი.
ხეირს მე არც აქედან მოველი: ნებას დაგრთავენ იფორჩიხეთო, მარა ყველას – ფოჩიხის უნარის მატარებელთ – თანახმათ ლენინის ლოზუნგისა: „ყველა თეთრგვარდიელნი – ციხეში, ან თეთრ გვარდიელები მარტოვთან საზღვარ გარეთ“ მოუღებენ ბოლოს ციხეში ან ჩრდილოეთში გაისტუმრებენ, სადაც იგივე ბედი ეწევა, რაც სტეფანე ახმეტელოვს [გენერალი, საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი სტეფანე ახმეტელაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრების ლადო და სიკო ახმეტელაშვილების ძმა, ტყვედ ჩავარდა 1921 წლის თებერვლის ბოლოს, გადაიყვანეს საბჭოთა რუსეთში, სადაც საპყრობილეში დაავადდა და 1921 წლის 2 მაისს გარდაიცვალა რიაზანის ციხეში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომელიც კბენარმა და სიმშილმა გამოასალმა წუთი სოფელს.
ახლა ორიოდე სიტყვა ჩვენ ოპოზიციაზე, რომლის უგუნურება ვერ გატეხა ჩვენი ქვეყნის უბედურებამ. პირიქით ის ლამობს განცდა – საშინელი განცდა – გამოიყენოს თავის კაპიტალის შესაძენათ.
ჩვენ განვიზრახეთ ცოტათი მაინც გაგვენელებია შთაბეჭდილება, რომელსაც, ვფიქრობთ, მოახდენდა ევროპის მმართველ წრეებზე მისი – ოპოზიციის – ყოვლად დაუშვებელი და შეუწყნარებელი ნაბიჯი, 17 მარტს ბათუმში [დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომისას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მთავრობის რაოდენობის შემცირებას და დამფუძნებელი კრების დეპუტატების ნაწილთან ერთად ემიგრაციაში წასვლას – რესპუბლიკა-100].
მივმართეთ, ჩვენთან ერთათ მათ წარმომადგენლებსაც მოეწერათ ხელი საპროტესტო მემორანდუმზე, ასლს თქვენ გამოიყენებდით, და აი სწორეთ აქ გამოირკვა მისი მახინჯი სახე, რომ კიდევ უფრო დამახინჯებულა. „არც ძველ მთავრობას, არც დამფუძნებელ კრებას ჩვენ არ ვსცნობთ. მთავრობის შედგენა სოციალისტებიდან ნახევარი, მეორე ნახევარი არასოციალისტებიდან“-ო, ასე განაცხადა მემარჯვენეების წარმომადგენელმა, ბანი მისცა ოპოზიციის ბელადმა – სხიველებმა.
და ასე, მემარჯვენეები ძალიან ბოხის ხმით გალობენ. რაღაც, თუ ვიღაცის იმედით ფიქრობენ ტახტზე აჩოჩვას, როცა ვაკანსია გაიხსნება. მუშაობენ ჯარში, სარდლობას ეყრდნობიან, სარდლობის დიდი უმეტესობა რომ მათკენ არის, ეს ეჭვს გარეშეა, ფედერალისტებმა ფედერაცია მოიწვიეს, თედოს [ღლონტს] და შალვას [ნუცუბიძეს] უთუოთ გააძევებენ [ნუცუბიძე და ღლონტი 1921 წლის 27 თებერვლიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან და ჩართული იყვნენ სოციალ-დემოკრატებისა და სხვა პარტიების წინააღმდეგ პროპაგანდაში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. სხიველებს დართეს ნება გაზეთის, სტამბაც მისცეს, შეიძლება ტიმოთეს შვილი [გრიგოლ გიორგაძე] ჩამოშორდეს.