გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
გორის მერის მოადგილეებმა – პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა დღეს დილით ქართული ოცნება და თანამდებობები დატოვეს და ამის მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან კავშირების გამო გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელეს.
გორის მერის ყოფილმა მოადგილეებმა, რომელთაც თანამდებობები 2019 წელს დაიკავეს, განაცხადეს, რომ მათ პირდაპირ მოსთხოვეს თანამდებობების დატოვება. მათი თქმით, ისინი გახარიას მომავალ პარტიას შეუერთდებიან და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ერასტი ელიჯარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მერიის სხვა იმ თანამშრომლების სიაც შეადგინა, რომელთა გათავისუფლებასაც გეგმავს.
მოგვიანებით გორის მერმა განმარტა, რომ მოადგილეებს გადადგომას იმიტომ სთხოვდა, რომ ისინი გახარიას ემხრობოდნენ და ყოფილი პრემიერის გუნდში მერიის სხვა თანამშრომლების გადაბირებასაც ცდილობდნენ. მან უარყო ელიჯარაშვილის ბრალდება, რომ თითქოს სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაც იგეგმება.
გორში განვითარებულ მოვლენებს მალევე ხაშურის მერის მოადგილის, ზურაბ როსებაშვილის განცხადება მოჰყვა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. როსებაშვილის ვარაუდით, მისი გათავისუფლება გიორგი ხოჯევანიშვილთან მის ახლობლობას უკავშირდება. ეს უკანასკნელი ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ ექვსი დეპუტატიდან, რომელთაც მმართველი პარტია დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე მმართველ გუნდთან უთანხმოება დაასახელა. 22 მარტს გახარიამ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან არ მიდის. მან ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზე მიანიშნა. მოგვიანებით, 14 აპრილს, ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა მმართველი პარტია დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.
ასევე წაიკითხეთ:
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა
- სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)