ასლან ბჟანიამ გადასახადებისა და ჯანდაცვის ახალი „მინისტრები“ დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 11 მაისს 46 წლის ედუარდ ბუთბა ჯანდაცვის ახალ „მინისტრად“ დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე თამაზ ცახნაკია შეცვალა. ამ უკანასკნელს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 2017 წლიდან ეკავა. იმავე დღეს, ბჟანიამ 37 წლის ჯანსუხ ნანბა გადასახადებისა და მოსაკრებლების „მინისტრის“ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა.
ჯანდაცვის „მინისტრი“ იმ ფონზე შეიცვალა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონი 12 მაისიდან რუსული წარმოების „სპუტნიკ ვ“ ვაქცინით მოსახლეობის აცრას იწყებს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ცახნაკიას ჯანდაცვის სექტორში მსახურებისთვის და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ორდენი გადაეცა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ახალი „მინისტრი“ ედუარდ ბუთბა მანამდე კერძო სექტორში მსახურობდა.
რაც შეეხება გადასახადებისა და მოსაკრებლების „მინისტრის“ თანამდებობას, ეს პოსტი 2021 წლის თებერვლიდან ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც დაურ კურმაზიამ თანამდებობა დატოვა, ხოლო მის მოვალეობას მისივე მოადგილე მერაბ ლოგუა ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიამ ეს თანამდებობა საბაჟო სამსახურის უფროსს, გურამ ინაფშბას შესთავაზა, რომელმაც უარი განაცხადა. ახალ პოსტზე დანიშვნამდე ჯანსუხ ნანბა 2020 წლის მაისიდან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
- ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ „მინისტრთა კაბინეტის“ ახალი წევრები დანიშნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)